2020 წლის შემდეგ დედამიწაზე დღეების ხანგრძლივობა იზრდება — რას ნიშნავს ეს
ატომური საათებისა და ზუსტი ასტრონომიული დაკვირვებების მიხედვით, დღის ხანგრძლივობა უცაბედად იზრდება, მეცნიერებმა კი ამის მიზეზი ჯერ არ იციან.
ბოლო რამდენიმე ათწლეულია, დედამიწა თავისი ღერძის გარშემო უფრო და უფრო სწრაფად ბრუნავს, რაც დღეების ხანგრძლივობასაც ამოკლებს. ამასთანავე, ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ხანმოკლე დღის რეკორდი ახლახან, 2022 წლის 29 ივნისს, დამყარდა.
ასევე იხილეთ: 29 ივნისს დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ყველაზე სწრაფად შემობრუნდა — რას ნიშნავს ეს
მიუხედავად ზემოხსენებული რეკორდისა, ტემპის ამგვარი აჩქარება 2020 წლის შემდეგ შენელებით შეიცვალა — დღეების ხანგრძლივობა ისევ იზრდება, ამის მიზეზები კი მეცნიერებისათვის ჯერჯერობით უცნობია.
ჩვენი საათების მიხედვით, დღეში ზუსტად 24 საათია, თუმცა დედამიწას თავისი ღერძის გარშემო ერთი ბრუნის შესასრულებლად მცირედით განსხვავებული დროები სჭირდება ხოლმე. ტემპში ამგვარი ცვლილებები ზოგჯერ მილიონობით წლის განმავლობაში ხდება, ზოგჯერ კი — სულაც წამიერად. გამოდის, დღის ხანგრძლივობა ზუსტად 86 400 წამს ძალიან იშვიათად შეადგენს.
პლანეტის ბრუნვის სიჩქარე მუდმივად იცვლება
ზღვის მიქცევისა და მოქცევისაგან გამოწვეული ხახუნის გამო დედამიწის ბრუნვა მილიონობით წლის განმავლობაში ნელდებოდა. ზემოხსენებული პროცესი საუკუნეში ერთხელ თითოეული დღის ხანგრძლივობას დაახლოებით 2.3 მილიწამს მატებს. შესაბამისად, რამდენიმე მილიარდი წლის წინ დედამიწაზე დღე მხოლოდ 19-საათიანი იყო.
ბოლო 20 ათასი წლის განმავლობაში სხვა პროცესები ბრუნვის ტემპზე საპირისპიროდ მოქმედებდა და, პირიქით, დედამიწას აჩქარებდა. გამყინვარების უკანასკნელი პერიოდის დასრულების შემდეგ პოლარული მყინვარული ფარის დნობამ ზედაპირული წნევა შეასუსტა, დედამიწის მანტიამ კი პოლუსებისაკენ დაიწყო გადაადგილება.
ზუსტად ისე, როგორც ბალერინა ბრუნავს უფრო სწრაფად ხელების სხეულისკენ წაღებისას, სწორედ ასევე ჩქარდება დედამიწის ბრუნვის ტემპიც, როცა მანტიის მასა პლანეტის წარმოსახვითი ღერძისაკენ გადაადგილდება. მოყვანილი პროცესი თითოეული დღის ხანგრძლივობას საუკუნეში დაახლოებით 0.6 მილიწამით ამცირებს.
ათწლეულების განმავლობაში საქმეში დედამიწის შიგნეულობისა და ზედაპირის ურთიერთქმედებაც ერთვება. მძლავრ მიწისძვრებს დღის ხანგრძლივობის შეცვლა შეუძლია, თუმცა, ჩვეულებრივ, მცირედით. მაგალითად, მიჩნეულია, რომ 2011 წელს იაპონიაში მომხდარმა ტოჰუკუს 8.9 ბალიანმა მიწისძვრამ დედამიწის ბრუნვა 1.8 მიკროწამით ააჩქარა.
ფართომასშტაბიანი ცვლილებების გარდა, დედამიწის ბრუნვის ტემპზე ამინდსა და კლიმატსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს და გარკვეულ ცვლილებებს ორივე მიმართულებით იწვევს. აღსანიშნავია ისიც, რომ მიქცევა-მოქცევის ორკვირიანი და თვიური ციკლები პლანეტის მასას ამოძრავებს, შედეგად კი დღის ხანგრძლივობის მატებას ან კლებას იწვევს.
განსაკუთრებით ძლიერი გავლენა აქვს ჩვენი ატმოსფეროს მოძრაობას, თუმცა გარკვეულ როლს ამაში ოკეანის დინებებიც თამაშობს. ცვლილებებში დამატებითი წვლილი შეაქვს თოვლის სეზონურ საფარს, წვიმას ანდაც გრუნტის წყლის ექსტრაქციას.
რატომ ნელდება დედამიწა?
დედამიწის ბრუნვის ტემპის ძალიან ზუსტი მონაცემები 1960-იანი წლებიდან მოყოლებული გვაქვს, ამ დაკვირვებების შედარებისა და ატომური საათის მიხედვით კი ვლინდება, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დღის ხანგრძლივობა კლებულობს.
მეორე მხრივ, თუ თვალთახედვაში არ მივიღებთ ტემპის იმ ცვლილებებს, რომლებიც მიქცევა-მოქცევისა და სეზონური გავლენების გამო ხდება, სურათი საკმაოდ განსხვავებულია — მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 29 ივნისს დედამიწაზე ყველაზე ხანმოკლე დღე დაფიქსირდა, ბრუნვის ხანგრძლივობა 2020 წლიდან მოყოლებული შემცირებიდან მატებაზე გადავიდა, რაც უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში უპრეცედენტო ცვლილებაა.
ცვლილების მიზეზი მკაფიო არ არის. შესაძლოა, იგი ამინდის სისტემებში არსებულ ცვლილებებს უკავშირდებოდეს, თუმცა ეს აქამდეც მომხდარა. შესაძლოა, სულაც მყინვარული ფარის მომატებული დნობა იყოს საქმეში გარეული, მაგრამ ეს უკანასკნელი ბოლო წლებში ნორმალური ტემპიდან დიდად არ გადახრილა. ფიქრობენ იმასაც, რომ ეს ვულკანი ტონგის ამოფრქვევას უკავშირდება, რის შედეგადაც ატმოსფეროში დიდი რაოდენობით წყალი მოხვდა, თუმცა ამოფრქვევა 2022 წლის იანვარში მოხდა.
მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ დედამიწის ბრუნვის ტემპის ახალი ცვლილება ჩენდლერის რხევის სახელით ცნობილ ფენომენს უკავშირდება. ეს დაახლოებით 430 დღიან პერიოდში დედამიწის წარმოსახვითი ღერძის მცირე გადახრას გულისხმობს. რადიოტელესკოპებით ჩატარებული დაკვირვებები მოწმობს, რომ ბოლო წლებში რხევა შემცირდა, ეს კი შესაძლოა, დღის ხანგრძლივობის ცვლილებასაც უკავშირდებოდეს.
კიდევ ერთი სარწმუნო აზრი ისაა, რომ დედამიწაში ან მის გარშემო კონკრეტული არაფერი შეცვლილა. შესაძლოა, დედამიწის ბრუნვის სიჩქარის დროებით ცვლილებებს სულაც ხანგრძლივი მიმოქცევითი გავლენისა და სხვა პერიოდული პროცესების ერთობლიობა განაპირობებდეს.
დაგვჭირდება თუ არა "ნახტომი წამის" გამოკლება?
დედამიწის ბრუნვის ტემპის ზუსტად განსაზღვრა არაერთი ტექნოლოგიის კუთხით არის მნიშვნელოვანი — მაგალითად, ამის გარეშე ნავიგაციური სისტემები (თუნდაც GPS) ვერ იმუშავებდა. ამასთანავე, დროის აღმრიცხველები რამდენიმე წელიწადში ერთხელ დროის ოფიციალურ სკალას ე.წ. ნახტომ წამებს ამატებენ, რათა იგი ჩვენი პლანეტის რიტმს არ ასცდეს.
იმ შემთხვევაში, თუკი დედამიწის დღეები კიდევ უფრო დაგრძელდება, შესაძლოა, ე.წ. ნახტომი წამის გამოკლება დაგვჭირდეს, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იქნება, რომელსაც ინტერნეტის ჩაშლის ძალაც კი შესწევს. მიუხედავად ამისა, ითვლება, რომ ამის საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს, დღის ხანგრძლივობის ცვლილებებს კი ამ ეტაპზე ჩვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენა არ აქვს.
კომენტარები