მკვლევართა ჯგუფი ცდილობს გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი, რათა ცხოველების "ენა" ჩვენთვის გასაგები გახადოს. მეტიც, მათ ამ ალგორითმის გამოყენება თითქმის ყველა ცხოველზე სურთ. ეს კი რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ამბიციური გეგმაა.

როგორც The Guardian იუწყება, ეს ამბიციური გეგმა კალიფორნიის არაკომერციული "დედამიწის სახეობების პროექტს" (ESP) აქვს. ორგანიზაცია 2017 წელს სილიკონის ველის ინვესტორების დახმარებით დაარსდა. ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი LinkedIn-ის თანადამფუძნებელი რეიდ ჰოფმანია. ის გეგმავს ცხოველთა კომუნიკაციის გაშიფვრას ალგორითმების საშუალებით და შემდეგ უკვე ამ "ენის" გამოაშკარავებას.

ESP-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი აზა რასკინი ამბობს, რომ ჯგუფი, რომელმაც გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი 2021 წლის დეკემბერში, არ ახდენს სახეობების დაყოფას და ორიენტირებულია ყველა ცხოველზე.

"ჩვენ არ გამოვარჩევთ მათ. ვმუშაობთ როგორც ვეშაპების ისე მწერების ენის გასაშიფრად", — უთხრა რასკინმა The Guardian-ს.

ინტერვიუში რასკინმა ჯგუფის ამბიციები გაამხილა. მისი თქმით, ადამიანების მსგავსად, ცხოველებსაც აქვთ არავერბალური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა. მან მაგალითად ფუტკრები მოიყვანა, რომლებიც აკეთებენ სპეციალურ მოძრაობებს, რათა ერთმანეთს მიუთითონ, თუ რომელ ყვავილზე უნდა დაეშვან.

ჯგუფის ერთი შეხედვით გადაულახავი გამოწვევების მიუხედავად, პროექტმა მაინც მიაღწია გარკვეულ პროგრესს, მათ შორის ექსპერიმენტულ ალგორითმს, რომელსაც შეუძლია ამოიცნოს ცხოველთა ჯგუფიდან რომელი ინდივიდი "ლაპარაკობს".

მკვლევრებმა შეიმუშავეს მეორე ალგორითმიც, რომელსაც შეუძლია ცხოველთა იმიტირებული კომუნიკაციის გენერირება.

"ეს არის ხელოვნური ინტელექტის ენაზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით რას ნიშნავს ეს", — განუცხადა რასკინმა The Guardian-ს.

შედეგები აჩვენებს, რომ მკვლევრები სწორ გზას ადგანან, მაგრამ თავად რასკინი ხაზს უსვამს, რომ ამ ყველაფერზე პასუხს მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტში არ უნდა ვეძებდეთ. შეიძლება საჭირო იყოს დამატებითი მიდგომები.

"ამ ეტაპზე ჩვენ სამყაროს ადამიანის სათვალიდან ვუყურებთ. საჭიროა ახალი და ინოვაციური ხედვა, რაც ყველაფერს უფრო მრავალფეროვნად დაგვანახებს", — ამბობენ მკვლევრები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.