მსოფლიოში ყველაზე ხნიერი მამრი პანდა 35 წლის ასაკში დაიღუპა
ჰონგ-კონგის ოკეანის პარკში მობინადრე, მსოფლიოში ყველაზე ხნიერი მამრი პანდა, სახელად ენ ენი, 35 წლის ასაკში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად დაწესებულებამ გაავრცელა. ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო, ვეტერინარებმა მისი დაძინება გადაწყვიტეს, რათა ცხოველს არ ეწვალა.
"ენ ენმა სრული ცხოვრებით იცხოვრა, რომელიც 35 წლის ასაკში დასრულდა. ეს ადამიანის 105 წლის ეკვივალენტურია. მან ემოციური მოგონებები დაგვიტოვა, რომლებიც გულის გამთბობი მომენტებითაა სავსე. მისი მოხერხებულობა და თამაშის სიყვარული ძალიან მოგვენატრება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ენ ენი პარკში 1999 წელს მოხვდა მდედრ ჯია ჯიასთან ერთად, რომელიც 2016 წელს, 38 წლის ასაკში მოკვდა. ველურ პირობებში ამ სახეობის წარმომადგენლები 14-დან 20 წლამდე ცოცხლობენ. მსგავს დაწესებულებებში ამაზე უფროსი ინდივიდების შეჯვარებას წყვეტენ, რადგან ისინი უკვე ხანდაზმულებად მიიჩნევიან.
20 წელზე მეტი ხნის პანდებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა უჩნდებათ, მათ შორის სისხლის მაღალი წნევა, რომელიც ენ ენს აწუხებდა. ბოლოს ის ნაკლებ საკვებს იღებდა და დიდხანს ეძინა. 17 ივლისისთვის ცხოველმა მყარი პროდუქტის ჭამა სრულად შეწყვიტა და მხოლოდ ელექტროლიტებით გაჯერებულ წყალს სვამდა, ამიტომ სპეციალისტებმა ევთანაზიას მიმართეს.
ოკეანის პარკში კიდევ ორი ასეთი პანდაა, მდედრი ინ ინი და მამრი ლე ლე, რომლებიც დაწესებულებას 2007 წელს გადასცეს. ორივე მათგანი ამჟამად 16 წლისაა.
კომენტარები