შვედურმა კომპანიამ მცენარეული ხორცი შექმნა, რომელსაც ადამიანის ხორცის გემო აქვს
Insider-ის ცნობით, შვედურმა კომპანიამ მცენარეული ხორცი შექმნა, რომელსაც ადამიანის ხორცის გემო აქვს.
როგორც ირკვევა, ადამიანის ყალბი ხორცი შვედურმა კომპანია Oumph!-მა შარშან შემოგვთავაზა ჰელოუინზე. ადამიანებისათვის ეს არა ერთმანეთის ჭამის, არამედ მცენარეული ხორცის გასინჯვის მოწოდებას ემსახურებოდა.
"მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რა გემო და ტექსტურა უნდა გაგვემეორებინა, ბურგერი ძალიან მოკლე დროში შევქმენით", — განაცხადა Oumph!-ის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, ანდერს ლინდენმა, YouTube ვიდეოში.
შესაბამისად, კომპანიას კანიბალებისთვის ალტერნატივა არ შეუქმნია. ისინი ამტკიცებენ, რომ დღევანდელი ტექნოლოგიები მათ პლანეტაზე ნებისმიერი ხორცის იმიტირების საშუალებას აძლევს. ექსპერიმენტი, რომელიც მცირე რაოდენობით ყალბი ხორცის გამოშვებას მოიცავდა, მიზნად ისეთი ადამიანების ყურადღების მიქცევას ისახავდა, რომელთაც მცენარეული ხორცი ჯერაც არ გაუსინჯავთ.
გასათვალისწინებელია, რომ ცხოველური ხორცი ხშირად დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს და არაერთ დაავადებასთანაა დაკავშირებული. ამასთან ერთად, ცხოველების საკვებად გამოყენებისას გარემოს საკმაოდ დიდი ზარალი ადგება — გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) თუ დავეყრდნობით, მეცხოველეობა ყოველწლიურად 7.1 გიგატონა ნახშირბადის ემისიას იწვევს, მთლიანი ემისიების 15%-ს. ხელოვნურ ხორცზე გადასვლა არა მხოლოდ გარემოს, არამედ ჯანმრთელობის კუთხით ჩვენც დაგვეხმარება.
საგულისხმოა, რომ, სავარაუდოდ, ეს ადამიანის ყალბი ხორცისაგან შექმნილი პირველი ბურგერია. ცნობისთვის, მათი მცენარეული ხორცი სოიოს, სოკოს, ხორბლის პროტეინის, მცენარეული ცხიმებისა და დაპატენტებული სანელებლების ნარევს წარმოადგენს. კომპანია ირწმუნება, რომ პროდუქტის შექმნისას არავინ დაზიანებულა.
მართალია, ადამიანის ყალბი ხორცი ხელმისაწვდომი აღარ არის, თუმცა Oumph!-ის სხვა შემოთავაზებებს მათივე ვებსაიტზე იხილავთ.
კომენტარები