ინოვაცია: შექმნეს სამხედრო ტექნოლოგია, რომელიც კედლებს მიღმა გვახედებს
Insider-ის ცნობით, სამხედრო ტექნოლოგიებზე მომუშავე ისრაელურმა სტარტაპმა, Camero-Tech-მა, ახლახან რადარზე დაფუძნებული მოწყობილობა წარმოგვიდგინა. შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მისი საშუალებით ჯარისკაცებს კედლებს მიღმა დანახვა შეუძლიათ.
კომპანიის ვებსაიტს თუ დავუჯერებთ, Xaver 1000 ფუტურისტული გაჯეტია, რომელსაც შეუძლია, "უპრეცედენტო სიტუაციური გაცნობიერების 3D ვიზუალური სურათი" უზრუნველყოს და კედლებს მიღმა ცოცხალი ობიექტები (მოძრავი ან უმოძრაო) დააფიქსიროს. მათი თქმით, მოწყობილობის გამოყენება მარტივია და მხოლოდ ერთ მომხმარებელსაც შეუძლია. იგი შტაბებს მონაცემებს WiFi-ს საშუალებით უბრუნებს.
Camero-Tech-ის მტკიცებით, მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა ულტრაფართოდიაპაზონიანი რადარის მეშვეობით ყველაზე გავრცელებული ტიპის კედლებსა და მასალებში, მათ შორის, ცემენტსა და ბეტონში, აღწევს დაახლოებით 40-მეტრის რადიუსზე.
მასში ინტეგრირებული ათ-დუიმიანი სენსორული ეკრანი გუნდებს საშუალებას აძლევს, ცოცხალი ობიექტები თითქმის ნებისმიერი კედლის მიღმა დაინახონ. შესაძლებელია იმის ამოცნობაც, ბავშვია იგი, ზრდასრული თუ სულაც სხვა სახეობის ცხოველი; ასევე, ზის იგი, დგას თუ წევს. შემდეგ უკვე AI ალგორითმი მათ მოძრაობებს ადევნებს თვალს.
ხელსაწყო 16 კილოგრამს იწონის, თუმცა კეცვადი ანტენის წყალობით ზომაში მისი შემცირებაც შესაძლებელია. შესაბამისად, იგი ნებისმიერ გარემოში განთავსდება.
მართალია, Xaver 1000-ის მუშაობა ჯერ არ გვინახავს, თუმცა წარმატების შემთხვევაში შესაძლოა, იგი სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდეს, თუნდაც, მაშველებს კატასტროფისას სადმე მოყოლილი ადამიანების შემჩნევის საშუალება მისცეს.
კომენტარები