Sony ახალ ბრენდს ქმნის — Inzone გეიმინგ ყურსასმენებსა და მონიტორს წელს გამოუშვებს
Sony-მ ცოტა ხნის წინ პერსონალური კომპიუტერის გეიმინგ მონიტორებისა და ყურსასმენების ახალი ბრენდის — Inzone-ის ჩაშვების შესახებ განაცხადა. ბრენდის ფლაგმანი პროდუქტი Inzone M9 — 27 ინჩიანი 4K მონიტორი იქნება. M9 აღჭურვილი იქნება სრული მასივის ლოკალური დაბინდვის IPS პანელით, ექნება 144-ჰერციანი ეკრანის განახლების სიხშირე და 1-მილიწამიანი რეაგირების დრო.
Sony-ის განცხადებით, პანელი DisplayHDR 600-ის მიერაა სერტიფიცირებული და DCI-P3 ფერთა გამის 95%-ს მოიცავს. დამატებით, მონიტორი თავსებადია G-Sync-თან და, HDMI 2.1 პორტის წყალობით, აქვს ცვლადი განახლების სიჩქარის (VRR) გეიმინგის მხარდაჭერა. თუ M9-ს PS5-ს აღნიშნული პორტით დაუკავშირებთ, მიიღებთ წვდომას ფუნქციაზე, რომელიც ავტომატურად გადართავს მონიტორს დაბალი შეფერხებისა და სურათის დამუშავების მოდელებს შორის, როდესაც შეამჩნევს, რომ თამაშის დაწყებას, ან ფილმის ყურებას აპირებთ. Sony-ის M9 მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ამ ზაფხულს გახდება და 899$ ეღირება.
4K დისპლეისთან ერთად, Sony ასევე შემოგვთავაზებს 240-ჰერციან სრულ HD მონიტორს. კომპანიის ახალი ფლაგმანის მსგავსად, M3-ს 1-მილიწამიანი რეაგირების დრო ექნება, ასევე PlayStation 5-ზე მორგებული ფუნქციები და G-Sync-თან და VRR-თან თავსებადობა. რა თქმა უნდა, მაღალი დინამიკური დიაპაზონი ისეთივე არ იქნება, როგორიც 4K-ს შემთხვევაში, რადგან აღნიშნული მონიტორი მხოლოდ VESA’s DisplayHDR 400-ის მიერაა სერტიფიცირებული. Sony M3-ის გამოშვებას ამ ზამთარში გეგმავს. მისი ფასი 529$ იქნება.
რაც შეეხება გეიმინგ ყურსასმენებს, კომპანიის ახალი H9 მოდელი 299$ ეღირება. იგი აღჭურვილია აქტიური ხმის დახშობის ფუნქციით, Bluetooth-ითა და 2.4GHz უსადენო კავშირით. მას აქვს სივრცითი აუდიოს მხარდაჭერა და იგივე სინთეტური ტყავი, რომელიც Sony-ის ახალ WH-1000XM5 ყურსასმენებზე გვხვდება. Sony ასევე გვთავაზობს შედარებით ხელმისაწვდომ H7-ს, რომელიც 229$ ეღირება. Sony-ის მიხედვით, H9-ის 32 საათისგან განსხვავებით, H7 ერთ სრულ დამუხტვაზე 40 საათით გაგიძლებთ. კომპანია ასევე გამოუშვებს 99$-იან H3 ყურსასმენებს, რომელიც პერსონალურ კომპიუტერს ან PS5-ს 3.5 მმ-იანი USB ადაპტერით ან ყურსასმენის შესაერთებლით დაუკავშირდება. კომპანია სამივე მათგანს ამ ზაფხულს გამოუშვებს.
კომენტარები