ახალმა მიგნებამ შესაძლოა, მარსის ისტორია გადაწეროს
მეცნიერთა გუნდმა დედამიწაზე, კერძოდ, საფრანგეთში, 200-ზე მეტი წლის წინ ჩამოვარდნილ მარსულ მეტეორიტში შემავალი ქიმიური ელემენტი კრიპტონი შეისწავლა. კვლევის შედეგებმა, შესაძლოა, წითელი პლანეტის ისტორია გადაწეროს, რადგან ის ჩვენი მეზობელი ციური სხეულის განვითარების ეტაპების შესახებ ახალ ინფორმაციას გვაწვდის.
საქმე იმაშია, რომ ასეთ აქროლად აირებს პლანეტური სისტემების წარმომქმნელი ღრუბლის დისკო შეიცავს და ისინი ობიექტების შემადგენლობაში სწორედ იქიდან ხვდება. მიიჩნევა, რომ ამ ელემენტების დამატებითი წყარო ასტეროიდებია, რომლებიც შეჯახებისას ციურ სხეულებს ქონდრიტებით ამდიდრებს, მეტეორიტებით, რომლებიც პირვანდელი სახით ნარჩუნდება.
ზემოხსენებულ კვლევაში სპეციალისტები აცხადებენ, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები პლანეტების ფორმირების ზემოხსენებულ მოდელს ეწინააღმდეგება. უფრო ზუსტად, იმას, რომ აქროლადი ელემენტების პირველადი წყარო ვარსკვლავის გარშემო არსებული ღრუბელია. ეს მათ კრიპტონზე დაკვირვების გზით დაასკვნეს, "ჟასინის" სახელით ცნობილი მეტეორიტის მაგალითზე, რომელიც მარსის შიდა სტრუქტურის შესახებ გვიქმნის წარმოდგენას.
კრიპტონის იზოტოპები გამორჩეულია, რადგან ამა თუ იმ წყაროში (მზეში, პლანეტის სიღრმეში) მათი შემადგენლობა განსხვავებულია. "ჟასინში" არსებული ნიმუშები იმითაა საინტერესო, რომ მათი წარმომავლობა სწორედ ქონდრიტებს უკავშირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ აქროლადი აირები პლანეტაზე პირველ რიგში სწორედ ასტეროიდებიდან უნდა მოხვედრილიყო.
თუ ეს ასეა, წესით, მსგავს ელემენტებს ატმოსფეროც უნდა შეიცავდეს, მაგრამ მარსის შემთხვევაში, მისი აირადი გარსის შემადგენლობა მზის ღრუბლის დისკოს უფრო შეესაბამება. ავტორები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ღრუბლიდან მიღებული აირები ყინულში მოქცეულიყო და ატმოსფეროში შემდეგ გამოთავისუფლებულიყო.
რა თქმა უნდა ეს მხოლოდ პოტენციური ახსნაა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს საკითხი სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები