ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
პროფესიონალი და მოყვარული ასტრონომების ჯგუფმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ დაახლოებით 20 წლის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებში აქამდე უცნობი 100-ზე მეტი ასტეროიდი აღმოაჩინა. მათი შესწავლით შესაძლოა, მზის სისტემის ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ.
ეს მიგნება 2019 წელს წამოწყებულ პროექტ Hubble Asteroid Hunter-ის ფარგლებში მომუშავე ადამიანებს ეკუთვნით, რომლებმაც ზემოხსენებული ობსერვატორიის მიერ გადაღებული, მივიწყებული სურათების გაანალიზება გადაწყვიტეს. ეს გახლავთ დაარქივებული ფოტოები, რომლებიც მსგავსი მიზნით ამ დრომდე არ გამოუკვლევიათ.
საერთო ჯამში მათ 37 000 გამოსახულება შეისწავლეს, რომელიც ჰაბლმა 2002 წლის 30 აპრილიდან 2021 წლის 14 მარტამდე პერიოდში გადაიღო. 30-წუთიანი დაყოვნებისა და ტელესკოპის მოძრაობის ტრაექტორიის გამო, მათზე ასტეროიდთა ნაკვალევი ჩანს, თანაც გამრუდებულად. საქმე იმაშია, რომ კომპიუტერებს ასეთი ხაზების დაფიქსირება უჭირს, ამიტომ პროექტის გარშემო მოხალისეები და პროფესიონალები გაერთიანდნენ, რომელთა მეშვეობითაც ალგორითმი ავტომატური კლასიფიკაციისთვის მოამზადეს.
გუნდმა 1 488 ნაკვალევი გამოავლინა, ალგორითმმა კი — 900. აქედან მეცნიერებმა სხვადასხვა კოსმოსურ მოვლენასღან ან ობიექტთან დაკავშირებული ხაზები გამორიცხეს და რიცხვი 1701-მდე დაიყვანეს. მათგან 1031-ის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმეტესობა, დიდი ალბათობით, სრულიად ახალი ასტეროიდია.
მეცნიერთა თქმით, ეს ასტრონომიული სხეულები ჩვეულებრივზე მცირე ზომის და ნაკლებად კაშკაშაა, ამიტომ შესაძლოა, მკვლევრებს აქამდე ისინი ხმელეთიდან ვერ შეემჩნიათ. მათ შესახებ მეტი ინფორმაცია, მაგალითად, ორბიტის მახასიათებლები და დისტანცია მომავალში დაზუსტდება.
მსგავსი ასტეროიდების დიდი ნაწილი მზის სისტემაში პლანეტებზე ადრე წარმოიქმნა, ამიტომ ჩვენთვის ერთგვარი დროის კაფსულის ფუნქციას ასრულებს. მათი დახმარებით ბევრი რამის გაგებაა შესაძლებელი და სწორედ ამიტომ ისინი მეცნიერთა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.
გამოცემაში Astronomy and Astrophysics გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები აანონსებენ, რომ დაარქივებულ ფოტოებში სხვა საინტერესო რაღაცებიც აღმოაჩინეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რაზეა საუბარი.
სავარაუდოდ, ამას მალე გავიგებთ.
კომენტარები