ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელი უკვე ვიხილეთ, ახლა კი შეგიძლიათ, მას მოუსმინოთ კიდეც
12 მაისს საზოგადოებამ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის, მშვილდოსან A*-ს გამოსახულება იხილა, რაც ისტორიული მნიშვნელობის მომენტი იყო. ეს გახლდათ მეორე შემთხვევა, როცა მსგავსი იდუმალი ობიექტის გადაღება შევძელით. პირველობა ამ მხრივ M87*-ს ეკუთვნის, რომლის ფოტოც 2019 წელს გავრცელდა.
ასევე, იხილეთ: როგორ გადაიღეს შავი ხვრელის ფოტო — ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ
სანამ უკანასკნელი სიახლის შესახებ მოგიყვებით, უნდა ითქვას, რომ ორივე სურათი მეცნიერებმა მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის (EHT) მეშვეობით მოიპოვეს. მისი წყალობით, უკვე ვიცით, როგორ გამოიყურება ირმის ნახტომის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის კონტური, იგივე აკრეციული დისკო, აირისა და მტვრის რგოლი, რომელიც ექსტრემალური გამოსხივებით ხასიათდება.
ეს კომპაქტური ასტრონომიული რადიოწყარო ჩვენგან დაახლოებით 27 000 სინათლის წლითაა დაშორებული. მისი მასა მზისას 4.3 მილიონჯერ აღემატება, რადიუსი კი 23.5 მილიონი კილომეტრია. შედარებისთვის, თავად ჩვენი გალაქტიკა 100 000 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული.
ასევე, იხილეთ: რა არის შავი ხვრელი — ყველაფერი, რაც ამ მისტიკურ ობიექტებზე ვიცით
ახლა კი მთავარზე გადავიდეთ — სპეციალისტებმა ზემოხსენებული გამოსახულების გამოყენებით, მშვილდოსან A*-ს ვიზუალური მონაცემები აუდიომასალად აქციეს. ამას სონიფიკაცია ეწოდება და ხილული ინფორმაციის უფრო სიღრმისეულად გაანალიზებაში გვეხმარება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხმას შავი ხვრელი არ გამოსცემს, არამედ ის მისი მოვლენათა ჰორიზონტის მიმდებარედ არსებული მატერიის სიკაშკაშეს, რადიალურ მახასიათებლებს, გამოსხივების სიხშირესა თუ სხვა დეტალებს აუდიო ფორმატში წარმოგვიდგენს.
ხმა სურათს საათის ისრის მიმართულებით "მიჰყვება". იმ მატერიას, რომელიც შავ ხვრელთან ყველაზე ახლოსაა და სწრაფად გადაადგილდება, ბგერათა უფრო მაღალი სიხშირე შეესაბამება, სიკაშკაშესთან ერთად კი ჟღერადობაც იმატებს.
საინტერესოა ისიც, რომ აუდიომასალა ბინაურალურია, ანუ სამგანზომილებიანი ეფექტი აქვს. შესაბამისად, გირჩევთ, მას ყურსასმენებში მოუსმინოთ. ამგვარად, ხმაც საათის ისრის მიმართულებით შეიცვლის პოზიციას, ჯერ ერთ ყურში გაისმება, შემდეგ კი მეორეში გადაინაცვლებს.
კომენტარები