ილონ მასკის თქმით, Twitter-ის შეძენის ხელშეკრულება დროებით შეჩერებულია
თითქმის სამი კვირის წინ, Twitter-ის დირექტორთა საბჭო ილონ მასკის შეთავაზებას დასთანხმდა. ეს უკანასკნელი მასკისთვის სოციალური ქსელის 44 მილიარდ დოლარად გადაცემას მოიცავდა. თუმცა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა შეთანხმება დროებით შეაჩერა.
"Twitter-ის შეთანხმება დროებით შეჩერებულია. ველოდები იმის გამამყარებელ დეტალებს, რომ პლატფორმაზე ყალბი ანგარიშების წილი მომხმარებლების 5%-ზე ნაკლებია", — წერია მასკის მიწერ დღეს გამოქვეყნებულ ტვიტში.
Reuters-ის მიხედვით, თვის დასაწყისში Twitter-მა განაცხადა, რომ წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ყალბი ანგარიშები ყოველდღიური მომხმარებლების 5%-ზე ნაკლებს წარმოადგენდა.
მასკი ახლა ამ გამოთვლებზე ითხოვს წვდომას, რათა დარწმუნდეს, რომ ეს რიცხვი ნამდვილად 5%-ზე ნაკლებია. მას აღნიშნული მაჩვენებელი ეჭვქვეშ არ დაუყენებია და არც შეშფოთება გამოუხატავს აღნიშნულის შესახებ. Independent-ის მიხედვით, ასევე გაურკვეველია, რატომაა შეთანხმება შეყოვნებული ახლა, როცა ეს გამოთვლები 10 დღის განმავლობაში საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო.
როგორც CNBC იუწყება, მასკის განცხადების შემდეგ Twitter-ის აქციების ფასი 18%-ით დაეცა.
კომენტარები