ნახეთ: შთამბეჭდავი ანიმაცია მზის სისტემის გიგანტურ მასშტაბებს გვიჩვენებს
იაპონიის საჰაერო-კოსმოსური კვლევების სააგენტოში (JAXA) მომუშავე ასტრონომმა და ანიმატორმა, ჯეიმს ო'დონოჰიუმ, საკუთარ ტვიტერის გვერდზე შთამბეჭდავი ანიმაცია გამოაქვეყნა, რომელიც ჩვენს მზის სისტემაში შემავალი ციური სხეულებისა და თავად ამ ვარსკვლავის მასშტაბებს გვიჩვენებს.
ნახეთ: "ზეციური საქართველო": როგორ გამოჩნდებოდა ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა ციურ სხეულზე
ვიდეოში სხვადასხვა ობიექტის ზომა, ბრუნვის სიჩქარე და ღერძის მიმართ დახრილობაა წარმოდგენილი. პირველი და ყველაზე პატარა ჯუჯა პლანეტა ცერერაა, რომლის გვერდითაც პლუტონს ვხედავთ, მას კი მარცხენა მხარეს მთვარე უმშვენებს. ამის შემდეგ კადრი მერკურიზე, მარსზე, ვენერასა და დედამიწაზე გადადის.
მათ ფონზე ყინულის გიგანტებად წოდებული ნეპტუნი და ურანი ნამდვილად უზარმაზარია, თუმცა ეს სიდიდე სატურნისა და იუპიტერის გამოჩენისთანავე იჩრდილება. ბოლოს კადრში მის უდიდებულესობა მზეს ვხედავთ, რომლის ზომაზეც საუბარი უბრალოდ ზედმეტია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ობიექტების სიდიდის შესახებ თეორიულად ბევრ ჩვენგანს სმენია, ვიზუალიზაცია მაინც გამაოგნებელია. შეუძლებელია, ყურადღების მიღმა დარჩეს, მაგალითად, იუპიტერის სწრაფი ბრუნვა, ვენერას სტატიკურობა და ურანის ღერძული დახრილობა.
თუ მათ მიღმა არსებულ რიცხვებზე ვისაუბრებთ, ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდება. იუპიტერის დიამეტრი 139 820 კილომეტრია, რითაც ის დედამიწას 10-ზე მეტჯერ აღემატება. შედარებისთვის, მზის დიამეტრი 1.39 მილიონი კილომეტრია, რის გამოც ის ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 100-ჯერ დიდია.
უკეთესი ხარისხის ვიდეოს სანახავად, გადადით ბმულზე.
კომენტარები