აქტივისტის მტკიცებით, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრის კრიტიკის გამო გაიტაცეს
ცნობილმა აქტივისტმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს მისი გატაცების ორკესტრირებაში დასდო ბრალი. აქტივისტის თქმით, მას გააფრთხილება მისცეს, რადგან ვილაიატ ეივაზოვს აკრიტიკებს.
23 აპრილს ბახტიარ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა გაიტაცეს, სცემეს და დაამცირეს. Facebook-პოსტში ის აღნიშნავს, რომ სახლისკენ მიმავალ გზაზე 21 აპრილს დაესხნენ თავს.
"4 ნიღბიანმა კაცმა მანქანაში იძულებით ჩამსვა და თავში დამარტყა. შავი ტომარა დამაფარეს და უცნობი მიმართულებით წამიყვანეს", — თქვა მან.
ჰაჯიევის თქმით, თვალები ჰქონდა ახვეული, ხოლო ხელ-ფეხი შეკრული. მისივე განცხადებით, გარკვეული დროის შემდეგ, გამტაცებლებმა მანქანა შეიცვალეს.
აქტივისტი აღნიშნავს, რომ როცა მისმა გამტაცებლებმა თვალებიდან სახვევი მოხსნეს, უცნობი ბინის სააბაზანოში იყო.
"ისინი მოითხოვდნენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრზე, ვილაიატ ეივაზოვზე სხვისი მითითებით კრიტიკული პოსტების დაწერა მეღიარებინა. როცა ვთქვი, რომ მითითებები არავისგან არ მიმიღია, ტანსაცმელი გამხადეს და მომთხოვეს, მინისტრისა და სამთავრობო აქტივისტის, ფუად მურადოვის შესახებ ყველა Facebook-პოსტი წამეშალა".
ჰაჯიევის თანახმად, გამტაცებლები მასზე შარდავდნენ და ამას go-pro კამერებით იღებდნენ.
"დამემუქრნენ, რომ გამაუპატიურებდნენ და მომკლავდნენ, თუ მინისტრის კრიტიკას გავაგრძელებდი. ამის შემდეგ, ისევ ამიხვიეს თვალები და სხვა ადგილზე წამიყვანეს", — თქვა ჰაჯიევმა.
აქტივისტის თქმით, მოშორებულ უბანში, ლენტით შეკრული და თვალებახვეული დატოვეს.
23 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ჰაჯიევი მინისტრს შეხვდა და ინციდენტის შესახებ მისი მონათხრობი მოისმინა.
"გენერალ-პოლკოვნიკმა ვილაიატ ეივაზოვმა მას მოუსმინა და უთხრა, რომ შესაბამისი საკითხები გამოძიებული იქნება", — დაამატა პრესსპიკერმა.
თუმცა ჰაჯიევს მტკიცედ სჯერა, რომ ამ თავდასხმის უკან ეივაზოვი იდგა.
"მითხრეს, რომ უახლოეს მომავალში ჩაატარებენ გამოძიებას და შედეგებს მომახსენებენ. მე ვუთხარი, რომ მჯერა, აქამდე მომხდარ ყველა მოვლენაზე, მათ შორის, ამ უკანასკნელზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრს ეკისრება", — თქვა მან.
"სანამ დამნაშავეებს არ იპოვიან და არ დასჯიან, მინისტრი იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რაც მომავალში დამემართება".
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები