"საშიში, შეზღუდული, რთული" — მასკი მარსზე ცხოვრების შესახებ საუბრობს
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, TED-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში მარსზე ცხოვრების სირთულეების შესახებ ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ დასაწყისისთვის მარსზე ცხოვრება არა მდიდრული, არამედ საშიში, შეზღუდული, რთული და მძიმე შრომასთან დაკავშირებული იქნება. შესაძლოა, უკან ვეღარ დაბრუნდეთ", — ამბობს მილიარდერი.
წითელ პლანეტაზე საშუალო ტემპერატურა -62.22°C-სს შეადგენს. შედარებისთვის, ანტარქტიდაზე ეს მაჩვენებელი -56.67°C-ია. ამ მყარი ციური სხეულის ზედაპირი ღრმა კანიონებით, უზარმაზარი კრატერებითა და უძველესი ვულკანებითაა დაფარული. მისი გრავიტაცია დედამიწისას ბევრად ჩამოუვარდება, თხელი ატმოსფერო სუნთქვისთვის საჭირო ჰაერით ვერ მოგვამარაგებს, დაბალი წნევა კი იქ სპეციალური აღჭურვილობის გარეშე მყოფ ადამიანს რამდენიმე წუთში მოკლავს.
ასევე, იხილეთ: ნახეთ: რა დაემართება მანქანას, თუ მას სხვადასხვა პლანეტის გრავიტაციის პირობებში ობიექტი დაეცემა
ამ ყველაფრის მიუხედავად, მასკს მარსზე ქალაქის გაშენება სურს, რომელიც საკუთარი რესურსებით, დამოუკიდებლად იარსებებს.
"ვფიქრობ, რომ ეს კაცობრიობის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მნიშვნელოვანია. ჩვენი ცივილიზაცია შეიძლება ისეთი მიზეზების გამო განადგურდეს, როგორიცაა გიგანტური მეტეორის ჩამოვარდნა, სუპერვულკანის ამოფრქვევა, ექსტრემალური კლიმატი ან მესამე მსოფლიო ომი", — აცხადებს ბიზნესმენი.
მასკის თქმით, მარსისკენ მიმავალი კოსმოსური ხომალდის, Starship-ის, ბილეთები 100 000 აშშ დოლარად იქნება ხელმისაწვდომი და მის ყიდვას მოსახლეობის დიდი ნაწილი შეძლებს. ის იმედოვნებს, რომ 2050 წლისთვის, SpaceX წითელ პლანეტაზე 1 მილიონ ადამიანს გაუშვებს. აპარატის პირველი ორბიტული საცდელი ფრენა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში შედგება.
ასევე, იხილეთ: რატომ არის SpaceX-ის Starship ისტორიული მნიშვნელობის კოსმოსური ხომალდი
"წარმატება გარანტირებული არაა, თუმცა აჟიტირების საფუძველი ნამდვილად გვაქვს", — ამბობს მასკი.
კომენტარები