ფაშინიანმა პარლამენტში მთიანი ყარაბაღის საკითხზე ისაუბრა
"მე უნდა დამადანაშაულონ არა მიწების გადაცემაში, არამედ იმაში, რომ ეს არ გავაკეთე", — განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მან აღიარა, რომ მთიანი ყარაბაღის მეორე ომამდე სამშვიდობო მოლაპარაკებების სტატუსზე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.
პარლამენტში მიმართვის დროს, რომელზე დასწრებაზეც ოპოზიციამ უარი განაცხადა, ფაშინიანმა ისაუბრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესაძლო მოგვარებაში სომხეთის ამჟამინდელ პოზიციაზე და აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსი არა "ტერიტორიული პრეტენზია", არამედ "უფლებების" საკითხია.
პრემიერმინისტრის თქმითვე, ის არის დამნაშავე, რომ საზოგადოებასთან "პირდაპირი" კომუნიკაცია არ ჰქონდა და მათ არ უთხრა, რომ მთიანი ყარაბაღის მეორე ომამდე მოლაპარაკებები, უპირველეს ყოვლისა, ეხებოდა აზერბაიჯანისთვის იმ 7 ოლქის დაბრუნებას, რომელიც პირველ ომში სომხურმა ძალებმა დაიკავეს.
ფაშინიანის წინამორბედმა და სომხეთის მესამე პრეზიდენტმა, სერჟ სარქისიანმა, როგორც მისი მმართველობის პერიოდში, ასევე, შემდეგ არაერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთი "რამდენჯერმე" მზად იყო ამ შვიდი რეგიონის გადასაცემად, მაგრამ აზერბაიჯანი აყენებდა დამატებით მოთხოვნებს, რაც "მიუღებელი" იყო სომხეთისთვის.
7 ოლქი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ იმ სამმხრივი შეთანხმების შედეგად გადავიდა, რომელმაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომი დაასრულა.
ფაშინიანმა განაცხადა ისიც, რომ როდესაც ოპოზიციამ ის დაადანაშაულა ოლქების აზერბაიჯანისთვის "გადაცემაში", სინამდვილეში პირიქით იყო — მისი შეურიგებლობა აზერბაიჯანისთვის კონტროლის დაბრუნებაზე, გარკვეულწილად, ომის გამწვავების საფუძველი გახდა.
"მიწები რომ გადამეცა, ალბათ, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენდი. მათი არ გადაცემით, სინამდვილეში, მე გავხდი იმ გადაწყვეტილებების ავტორი, რასაც ათასობით მსხვერპლი მოჰყვა", — თქვა ფაშინიანმა.
მისი თქმით, მაშინ ყოყმანობდა მთიანი ყარაბაღის პირველი ომის "გამარჯვების ნაყოფზე", ტერიტორიების დათმობაზე ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი მიეღო.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ცდილობდა კონფლიქტზე ფართოდ გავრცელებული წარმოდგენები დაეძლია, როგორც საზოგადოებაში, ასევე, საკუთარ თავში — მისი თქმით, ამ წარმოდგენებს ახლა სომხეთის ოპოზიცია გამოხატავს. ფაშინიანის თქმით, ეს აღქმაა, რომ შვიდი რეგიონი "არცახის რესპუბლიკის" ნაწილი იყო და კონფლიქტში სომეხი ხალხის ტანჯვა, ბოლო 30 წლის სირთულეები "არცახის თავისუფლებისთვის" იყო.
"დღეს საერთაშორისო საზოგადოება გვეუბნება, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით თამასა დავწიოთ", — თქვა ფაშინიანმა და როგორც ჩანს, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნაზე მიუთითა.
საერთაშორისო საზოგადოების აზრზე ხაზგასმით, ფაშინიანმა გააგრძელა, რომ მათ შეუძლიათ "უზრუნველყონ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონსოლიდაცია სომხეთისა და არცახის [მთიანი ყარაბაღის] გარშემო". სხვა შემთხვევაში, სომხეთს არ შეუძლია საერთაშორისო პარტნიორებს დაეყრდნოს, არა "იმიტომ, რომ არ უნდათ [ჩვენი] დახმარება, არამედ იმიტომ, რომ არ შეუძლიათ დახმარება".
ფაშინიანმა, ასევე, მიუთითა, რომ არ გამორიცხავს შესაძლებლობას, აზერბაიჯანმა მაინც შეაფერხოს ამჟამინდელი სამშვიდობო პროცესი, ორ ქვეყანას შორის დემარკაციის საზღვრების გეგმები და ეს გამოიყენოს "სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ ახალი აგრესიული ქმედებების გარემოებად".
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები