ილონ მასკის თქმით, Tesla-მ შესაძლოა ლითიუმის მოპოვება დაიწყოს
SpaceX-ისა და Tesla-ს მფლობელმა და აწ უკვე Twitter-ის უდიდესმა მეწილემ, ილონ მასკმა რამდენიმე დღის წინ დატვიტა, რომ მისი კომპანია — Tesla, შესაძლოა, ლითიუმის მოპოვებისა და გადამუშავების ბიზნესში ჩაერთოს, რადგან ლითიუმის ფასი ბოლო წლებში კოლოსალურად გაიზარდა. ლითიუმი ელექტრომობილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან სწორედ მისი გამოყენებით მზადდება ავტომობილის ელემენტები.
"ლითიუმის ფასი კატასტროფულად გაიზარდა. ლითიუმის დეფიციტი დედამიწაზე არ არის, რადგან ის ყველგან მოიპოვება, თუმცა მოპოვებისა და გადამუშავების ტემპი დაბალია".
ილონ მასკს მალევე გამოეხმაურა "World Of Statistics", რომელმაც უკეთ დაგვანახა თუ რა პრობლემაზე საუბრობს მასკი. როგორც ხედავთ, 2012 წლიდან 2022 წლამდე ლითიუმის ფასი 17.5-ჯერ გაიზარდა. მხოლოდ ბოლო ერთ წელში, ანუ 2021-დან 2022-მდე ლითიუმის ფასზე 480%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ილონ მასკის იდეა და სურვილი ახალი ნამდვილად არ არის. მეცნიეერები დიდი ხანია ფიქრობენ, თუ როგორ შეიძლება შეამცირონ მოთხოვნა ან გაზარდონ მიწოდება ერთ-ერთ ყველაზე რთულად მოსაპოვებელ მეტალზე.
გასულ წლებში ჩვენ ვნახეთ ნატრიუმ იონური ელემენტების შექმნის მცდელობა, რომლებიც მოცულობით გაცილებით მეტი ენერგიის შენახვას ახერხებენ, თუმცა ეს პროექტიც ჩავარდა. ჯერ არ გამოჩენილა ახალი ტექნოლოგია, რომელიც ლითიუმ-იონური ელემენტების სათანადოდ ჩანაცვლებას შეძლებდა.
აღსანიშნია ისიც, რომ მასკს ლითიუმის მოპოვებაზე საუბარი ახლა არ დაუწყია. 2020 წელს, ამ საკითხთან კავშირში მყოფმა ანონიმურმა პირმა Fortune-ს განუცხადა, რომ Tesla-მ უკვე მიიღო ნევადაში ლითიუმის მოპოვების ლიცენზია და კომპანიამ ლითიუმის მომპოვებელი Cypress Development Corp-იც შეიძინა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ვერც ამან გაამართლა.
ლითიუმის ფასის კოლოსალური ზრდა, ზრდის ელექტრომობილების ფასებაც. გასულ თვეში Tesla-მ ყველაზე იაფიანი მოდელი, Tesla Model 3 გააძვირა და მისი ფასი ახლა 46 000 დოლარს შეადგენს. მაშინ მასკმა განმარტა, რომ ინფლაციისა და ნედლეულზე გაზრდილი ფასის გამო SpaceX-სა და Tesla-ს რთული დღეები დაუდგათ.
კომენტარები