Facebook-ს სურს, რომ Reels-ების დაპოსტვა სხვა აპლიკაციებიდანაც შეგვეძლოს
Facebook-ს TikTok-მა უამრავი თავსატეხი გაუჩინა და კომპანიამ კონკურენციის გასაწევად ტიკტოკის ვიდეოების ანალოგი — Reels საკუთარ ფლატფორმაში ჩააშენა. Facebook-ს სურს, რომ Reels-ებს მეტი ადამიანი იყენებდეს, სწორედ ამიტომ, კომპანიამ ახალი ფუნქცია "sharing to Reels" წარადგინა. ეს ნიშნავს, რომ Reels-ების დადება პირდაპირ third-party აპლიკაციიდანაც იქნება შესაძლებელი.
განახლება დეველოპერებს საშუალებას მისცემს დაამატონ Reels-ის ღილაკი პირდაპირ თავიანთ აპლიკაციებში. მომხმარებელი პირდაპირ აპლიკაციიდანვე შეძლებს Reels-ის დადებასა და Reels-ის დასამუშავებელი ხელსაწყოების გამოყენებას — ამის შესახებ Facebook საკუთარ ბლოგ პოსტში წერს. Reels-ის ღილაკი მალე გამოჩნდება კარაოკე აპლიკაცია Smule-ში, ვიდეოების დასამუშვებელ VivaVideo-ში და Vita-ში.
ეს ნაბიჯი ნათელს ხდის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რილსი Facebook-ისთვის. აღსანიშნია, რომ Facebook-მა Reels თითქმის თავის ყველა სერვისში ჩააშენა, ზუსტად ისე, როგორც ერთ დროს Storie-ები გამოჩნდა.
ახლა, როდესაც Facebook მომხმარებლებს კარგავს და უმეტესობა მათგანი TikTok-ზე გადადის, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი Reels-ებზე დიდ იმედებს ამყარებს. გასულ შემოდგომას მან თქვა, რომ Reels-ები იქნებოდა "ისეთივე მნიშვნელოვანი პროდუქტი, როგორიც არის Stories".
აღსანიშნია, რომ Reels-ებს გარკვეული პრობლემა აქვს და Facebook-ს ამის გამოსწორებაც სურს. Reels-ზე ატვირთული ვიდეოების უდიდესი ნაწილი TikTok-ის კლიპებია. ამის აღმოსაფხვრელად Instagram-მა განაცხადა, რომ ისინი შეწყვეტდნენ სხვა აპლიკაციის ვოთერმარქის მქონე ვიდეოების გაპიარებას, რაც ნიშნავს იმას, რომ TikTok-იდან გადმოტანილი ვიდეოები ნაკლები პოპულარობით ისარგებლებდა. Reels ღილაკის დამატება სხვა აპლიკაციებში ამ პრობლემას რამდენად უშველის უცნობია, თუმცა ნათელია, რომ Facebook-ს რეალურად სურს Reels-ების გაჯანსაღება და ამ კუთხით მეტი რეალური კონტენტის წინ წამოწევა.
კომენტარები