ნახეთ: ამერიკაში მდებარე მზის უძველესი ობსერვატორია, რომელიც უცნობმა ცივილიზაციამ ააგო
პერუში ინკების გაბატონებამდე დიდი ხნით ადრე, ცივილიზაციამ, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით, მზის ობსერვატორია ააგო. ის მთელი ამერიკის მასშტაბით უძველესია.
სანაპირო ზოლზე არსებული უდაბნოს ტერიტორიაზე აშენებული უნიკალური სტრუქტურა ჩანკილიოს სახელითაა ცნობილი. ეს უკანასკნელი ქვის 13 კოშკს აერთიანებს, რომელიც გორაკზე ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებითაა ჩამწკრივებული. ასევე, ის მოიცავს ბორცვის თავზე მდებარე, გამაგრებულ ტაძრად წოდებულ კომპლექსს, თავად ობსერვატორიასა და ერთგვარ ადმინისტრაციულ ცენტრს.
მისი მშენებლობა 2 300 წლის წინ დასრულდა, პირველ საუკუნეში კი იქაურობა სამუდამოდ მიატოვეს. მას შემდეგ, კომპლექსის მიმდებარედ მოხვედრილი მოგზაურებისთვის ეს ადგილი იდუმალებით იყო მოცული, სანამ მას არქეოლოგები 2000-2003 წლებში შეისწავლიდნენ.
დაახლოებით 300 მეტრზე გადაჭიმული სტრუქტურის დანიშნულებას აისი და შებინდება ჰფენს ნათელს. მზის ამოსვლისას ვარსკვლავის კაშკაშა დისკო წლის სხვადასხვა დროს კონკრეტული შვერილების გასწვრივ ჩნდება. მაგალითად, ზაფხულის მზებუდობისას მნათობი უკიდურესი მარჯვენა კოშკის მარჯვნივაა განლაგებული, ზამთარში კი ის ყველაზე მარცხენა კოშკს უმშვენებს გვერდს.
ჩანკილიო იმდენად ზუსტადაა აგებული, რომ განსაზღვრულ არეალში დგომისას, განთიადსა (აღმოსავლეთ წერტილიდან) და მზის ჩასვლაზე (დასავლეთ წერტილიდან) დაკვირვებით, წელიწადის დროის გაგება 2-3 დღეშია შესაძლებელი.
მისი შემქმნელი ცივილიზაცია ინკებს 1 000-ზე მეტი წლით უსწრებს. მას კასმა-სეჩინის კულტურას უწოდებენ, რადგან ნანგრევები კასმასა და სეჩინის მდინარეების შორის მდებარეობს. მიიჩნევა, რომ ინკების მსგავსად, შესაძლოა, ისინიც მზეს აღმერთებდნენ და იქ რიტუალებსაც ატარებდნენ.
ჩანკილიო ჩვენ წელთაღრიცხვამდე 500-200 წლებს შორის აშენდა. არქეოლოგების ვარაუდით, ის თავდაპირველად მოყვითალოდ, მოყავისფროდ ან მოთეთროდ იყო შეფერილი, ასევე, ნახატებით ან თითის ანაბეჭდებით გაფორმებული.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ეს კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. მის დაცვასა და შენარჩუნებაზე სპეციალისტები უკვე აქტიურად ზრუნავენ.
კომენტარები