უკრაინის მთავრობა ომის ამსახველ NFT-ებს გამოუშვებს — "მეტაისტორია: ომის მუზეუმი"
უკრაინის მთავრობა ომის ამსახველი არა-ჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) გაყიდვით თანხას შეაგროვებს. უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა ტვიტერზე NFT კოლექციის გამოსვლა დააანონსა.
"მაშინ, როცა რუსეთი უკრაინის გასანადგურებლად ტანკებს იყენებს, ჩვენ ბლოკჩეინის რევოლუციურ ტექნოლოგიას ვეყრდნობით", — განაცხადა მან.
გაყიდვებისაგან შემოსული თანხა ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს გადაეცემა, შემდეგ კი არმიისა და მოქალაქეების მხარდაჭერას მოხმარდება.
კოლექცია, სახელად "მეტაისტორია: ომის მუზეუმი", ბლოკჩეინ ტოკენებს, მიმდინარე ომის მნიშვნელოვან ახალ ამბებსა და ხელოვანის ილუსტრაციებს აერთიანებს. ამჟამად ჯამში 54 NFT-ია, რომელიც ომის პირველ სამ დღეს აერთიანებს, პირველი მათგანი კი რამდენიმე დღეში გაიყიდება. პროექტი NFT გაყიდვების პლატფორმაზეა აგებული, რომელიც ბლოკჩეინ კომპანიას Fair.xyz ეკუთვნის.
კრიპტოვალუტამ ბრძოლის ორივე მხარეს ითამაშა გარკვეული როლი, თუმცა კონკრეტულად უკრაინა მას ბანკებისა თუ ადგილობრივი ვალუტის შეზღუდვებისაგან თავის ასარიდებლად, ასევე შეწირულების სათხოვნად იყენებს. უკრაინის მთავრობის განცხადებით, პირველი სამი კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტაში 54 მილიონი დოლარის (შესაძლოა, ეს უკანასკნელი შერბილებულად იყოს ნათქვამი) შეგროვება მოხერხდა.
კომენტარები