რატომ კარგავს რუსეთი ამდენ ჯავშანტექნიკას უკრაინაში — ტანკების ერის დასასრული?
ბოლო კვირების განმავლობაში, განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკისა და ტანკების სურათებმა სოციალური ქსელები მოიცვა. არის ეს სურათები უფრო დიდი ტენდენციის მანიშნებელი, თუ უბრალოდ კონკრეტული ინციდენტების ამსახველია?
ზოგიერთი ცნობის თანახმად, ისევე როგორც Insider-ის, რუსეთს ჯავშანტექნიკის დიდი დანაკარგი აქვს. ამაში იგულისმება ტანკები და სხვა აღჭურვილობა, რომლებიც უკრაინელებმა ჩაიგდეს ხელში, ან გაანადგურეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული სამხედრო ტექნიკის 10 პროცენტი განადგურებულია.
ამ დანაკარგების უმეტესობა მოდის დასავლეთის მიერ მიწოდებული FGM-148 "Javelin"-ებისგან. ეს ახალი თაობის მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღია (NLAW), რომელიც სპეციალურად ტანკების გასანადგურებლადაა შექმნილი. ასე რომ, რუსული დანაკარგები გასაკვირი არ უნდა იყოს.
ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ტანკების ერის დასასრული ახლოვდება. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ტანკები შეიძლება მალე ისტორიას ჩაბარდნენ, დაახლოებით ისე როგორც ეტლები, ცხენოსანი კავალერია და სხვა.
შეიძლება ეს პროგნოზი გადამეტებულია, მაგრამ რუსეთის დანაკარგები ამაზე მეტყველებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის განსხვავება "ნამდვილ" ტანკსა და სხვა "ტანკის მსგავს" სამხედრო მანქანებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ტანკის განმარტება დროთა განმავლობაში შეიცვალა, დღეს ტერმინი ზოგჯერ მოიცავს საბრძოლო ჯავშანტექნიკას. თუმცა, ტანკი ჩვეულებრივი საბრძოლო ჯავშანტექნიკაში ნამდვილად არ უნდა აგვერიოს. ასე შეიძლება სტატისტიკურ შეცდომაშიც შევიდეთ. საბედნიეროდ, Oryx ანაწილებს რუსული მანქანების დანაკარგებს ტექნიკური კლასის მიხედვით, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს იმის შეფასებას, თუ რამდენად დიდია რუსული ტანკების დანაკარგები.
Oryx-ის ცნობით, ამ მომენტისთვის რუსეთმა რეგიონში დაახლოებით 279 ტანკი დაკარგა, რომელთაგან 116 განადგურებულია, 4 დაზიანებულია, 41 მიტოვებული. აქედან დაახლოებით 118 უკრაინელებმა ჩაიგდეს ხელში. ერთი შეხედვით ეს დიდი ციფრებია, მაგრამ რუსებს 12 000-ზე მეტ ტანკზე მიუწვდება ხელი. თუმცა, ამ 12,240 ტანკიდან უმეტესობა საბჭოთა პერიოდის ძველი შეიარაღების ნაწილია, როგორიცაა T-72, რომელიც 50 წელზე მეტი ხნისაა.
რატომ კარგავს რუსეთი ამდენ ტანკს უკრაინაში?
როგორც ბევრმა სამხედრო ექსპერტმა აღნიშნა, მთავარი პრობლემა რუსეთის უუნარობაა, მოამარაგოს და შეინახოს თავისი ტექნიკა სათანადოდ. ჯერჯერობით, საბრძოლო მანქანების უმეტესობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ მოქმედებაში, ცუდად არის მოვლილი და მიწოდების ხაზებიც ხშირად წყდება.
ეს ეხება ტანკებსაც. ისინი ხშირად დაუცველნი რჩებიან — ქვეითი ან საჰაერო მხარდაჭერის გარეშე. ექსპერტების თქმით, ეს რუსების კრიტიკული სისუსტეა. ტანკები, თუნდაც უფრო ძველი, როგორიცაა T-72, ტექნიკურად მოძველებულია თანამედროვე ტანკებთან შედარებით, როგორიცაა აშშ-ს M1A2, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არიან გამოსადეგი, როდესაც მათი სწორად გამოყენება ხდება.
ასევე: როგორ მუშაობს ბაირაქტარი — უკრაინის ქირურგიული სიზუსტის იარაღი რუსეთის წინააღმდეგ
თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ტანკი, მნიშვნელოვანია თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და რაც ყველაზე საინტერესოა დრონები. სწორედ მათმა გამოყენებამ გამოიწვია სამხედრო ანალიტიკოსების ინტერესი უკრაინის კონფლიქტის დროს.
თურქული დრონები, როგორიცაა TB2, შესანიშნავად გამოიყენეს უკრაინულმა ძალებმა. მათ შეუძლიათ პირდაპირ შეუტიონ ტანკებს.
"ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელი სამხედროები კარგად იყენებენ უპილოტო თვითმფრინავებს, Bayraktar TB2-ს და უფრო მცირე დრონებს. ამით ისინი მნიშვნელოვანად აზიანებენ რუსულ ჯავშანტექნიკას. დრონები ძალიან ეფექტიანია, ეს იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ ფრენა დაბლა და ასევე იმიტომ, რომ თქვენ არ რისკავთ პილოტის სიცოცხლეს", — ამის შესახებ აშშ-ის არმიის ყოფილმა რეინჯერმა პოლ შარემ Insider-ს განუცხადა.
საბოლოოდ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე სამხედრო ექსპერტების ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ტანკებს თანამედროვე შეიარაღებასთან ადაპტაცია დასჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაშენების საფრთხის წინაშე არიან.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები