ამიერიდან შეგეძლებათ, Zoom-ში ცხოველის ფორმით წარდგეთ — როგორ ჩავრთოთ
Zoom-ი ამიერიდან საშუალებას მოგცემთ, შეხვედრებს კურდღლის, მელიის, ძაღლის ან თუნდაც ძროხის ფორმით დაესწროთ — პლატფორმას ავატარების ახალი ფუნქცია ემატება, რომელიც ვირტუალური Memoji-style პერსონაჟით ჩაგანაცვლებთ, ის კი თქვენს მიმიკებსა და ჟესტებს გაიმეორებს. სიახლე Zoom-ის 5.10 განახლების ნაწილია.
პრესრელიზში კომპანია ფუნქციის შესაძლო სარგებელზე გვიყვება — ავატარის ფილტრით გამოჩენა ჯგუფურ სამუშაო შეხვედრებს გაახალისებს, პედიატრი კი ბავშვებს ნაკლებად საშიში მოეჩვენებათ. ამასთანავე, შესაძლოა, მან Zoom-ისაგან გამოწვეული დაღლილობაც შეამციროს — კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შეხვედრისას მუდმივად საკუთარი თავის ყურება დაღლილობის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია.
მართლაც, იმაში დარწმუნების მცდელობა, რომ ნამდვილად წარმოსადეგად გამოიყურებით და თქვენი გამომეტყველებებიც სიტუაციის შესაბამისია, შესაძლოა, მართლაც დამღლელი აღმოჩნდეს. თუკი ეკრანზე თქვენს ნაცვლად ჟირაფი იქნება გამოსახული, საკუთარი სახის დაკვირვება ნამდვილად გაგიჭირდებათ.
ავატარების ჩასართავად ვიდეოს ჩართვა-გამორთვის ხატულას გვერდით "^" ღილაკს უნდა დააჭიროთ, შემდეგ კი ვიდეოს ფილტრის ასარჩევად Choose Video Filter ვარიანტს. ავატარების გრაფაში სხვადასხვა ცხოველი დაგხვდებათ, თქვენ კი სასურველს ამოირჩევთ. საგულისხმოა, რომ შეგიძლიათ, არჩევანი კაპიუშონიან სვიტერსა და მაისურს შორის გააკეთოთ — დაგვეთანხმებით, შეხვედრაზე ამინდთან შეუსაბამოდ შემოსილი ჟირაფის გამოჩენა ნამდვილად უცნაური იქნებოდა. ამასთან, სურვილისამებრ შესაბამისი ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში ყოველ შეხვედრაზე იმავე ავატარით წარდგებით.
აპლიკაციას უკვე Snapchat-ის მაგვარი არაერთი ფილტრი და ეფექტი აქვს გარეგნობის შესაცვლელად — ბაჭიის ყურები, ულვაში, მულტფილმის გმირის იერი Snap კამერით და ა.შ. — ავატარების ფუნქცია კი უკვე სრულად განაცვლებთ. როგორც Zoom-ი აცხადებს, გამოყენების დროს იგი თქვენს სახესა და ნაკვთებთან დაკავშირებულ მონაცემებს არ შეინახავს.
ჯერჯერობით რთული სათქმელია, რამდენად დაგვეხმარება ავატარები შფოთვის შემცირებაში, რადგან Zoom-ის ამგვარ წამოწყებებს ზოგი არასერიოზულად აღიქვამს, თუმცა, იმედია, NEXT.On.ge-ის თანამშრომლებს მაინც გაგვიმარტივებს შეხვედრებზე კამერების ჩართვას.
კომენტარები