სამხრეთკორეულმა კორპორაცია LG-მ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც იტყობინება, რომ საკუთარი პროდუქტით რუსეთის მომარაგებას დროებით წყვეტს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს იქნება შეჩერებული რუსეთში LG-ის მოწყობილობების გაგზავნის პროცესი, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ სიტუაციას თვალს მიადევნებენ და მომდევნო ნაბიჯებს ამის მიხედვით გადადგამენ.

"ადამიანთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ძალიან ვღელავთ. LG ჰუმანიტარული მიზნების მხარდაჭერას კვლავაც განაგრძობს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

გაურკვეველია, რამ გამოიწვია LG-ის ასეთი დაგვიანებული რეაქცია. შეგახსენებთ, რომ ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Apple, Microsoft და Samsung, მსგავსს სანქციებს ომის დაწყებიდან მალევე მიმართეს.

ასევე, იხილეთ: ტექნოლოგიური გიგანტების სანქციები რუსეთს — ყველა, ვინც პუტინის რეჟიმს განუდგა

მართალია, LG-მ მობილური ტელეფონების ინდუსტრია დატოვა, მაგრამ ის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ელექტრონული მოწყობილობის (ტელევიზორები, მაცივრები, კონდიციონერები) ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია. შესაბამისად, რუსეთის მოსახლეობა არჩევანის სიმცირეს ნამდვილად იგრძნობს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.