PayPal უკრაინაში სერვისებს აფართოებს, რათა მოსახლეობამ თანხების მიღება შეძლოს
ამ ცვლილებამდე უკრაინის მოსახლეობას PayPal-ის გამოყენება მხოლოდ ქვეყნიდან ფულის სხვაგან გასაგზავნად შეეძლო
PayPal-მა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მათი სერვისები უკრაინაში ხელმისაწვდომი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ PayPal-ის ნებისმიერ მომხმარებელს უკრაინაში თანხის გადარიცხვა ყველანაირი დაბრკოლების გარეშე შეეძლება. ამ ცვლილებამდე უკრაინის მოსახლეობას PayPal-ის გამოყენება მხოლოდ ქვეყნიდან ფულის სხვაგან გასაგზავნად შეეძლო.
PayPal-ის სერვისების გაფართოების შემდეგ ნებისმიერი უკრაინელი მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ნებისმიერი სახის ფულადი გზავნილი როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნითაც.
მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უკრაინელებმა აქტიურად დაიწყეს დონაციებისა თუ სხვა სახის ფულადი გზავნილების მიღების ახალი საშუალებების ძებნა. ფეიფალის გაფართოებით უკრაინელ მოსახლეობას, ამ რთულ დროს კიდევ ერთი გზა გაეხსნებათ თანხების მისაღებად.
უკრაინელი მომხმარებლები PayPal-ზე ჩარიცხული თანხების გადარიცხვას საკუთარ საბანკო ანგარიშებზე, ნებისმიერ Visa ან MasterCard ბარათზე შეძლებენ.
"ჩვენი გუნდი ინტენსიურად მუშაობდა, რათა უსწრაფესად შეგვემუშავებინა გეგმა თუ როგორ შევძლებდით ჩვენი სერვისების გაფართოებას უკრაინაში. ჩვენ გვჯერა, რომ ამით საგრძნობლად დავეხმარებით გაჭირვებაში მყოფ უკრაინელ მოსახლეობას, რომელთაც სურთ მიიღონ ფული თავიანთი მეგობრების ან ნათესავებისგან მსოფლიოს გარშემო. ეს ასევე დაეხმარებათ უკრაინელ ლტოლვილებსაც. ამით ისინი შეძლებენ გაანაღდონ ფული იმ ადგილებში, სადაც ისინი ამჟამად იმყოფებიან", — წერს PayPal საკუთარ წერილში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, PayPal-ის გადაწყვეტილებით, რუსები მათ პლატფორმაზე რეგისტრაციაას ვეღარ ახერხებენ. ამასთანავე, PayPal-მა რამდენიმე რუსული ბანკიც დაბლოკა. ამ სტატიაში კი შეგიძლიათ ნახოთ ყველა კომპანია, რომელმაც რუსეთს ტექნოლოგიური სანქციები დაუწესა — ტექნოლოგიური გიგანტების სანქციები რუსეთს — ყველა, ვინც პუტინის რეჟიმს განუდგა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები