უკრაინაში კრიპტოვალუტა ლეგალურ გადახდის საშუალებად იქცა — რას ნიშნავს ეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც უკრაინაში კრიპტოვალუტა ლეგალური ხდება.
უკრაინამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის მიერ დაწყებული ომის საპასუხოდ ქვეყანამ კრიპტო დონაციების სახით ათეულობით მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.
ახალ კანონს, რომელსაც ზელენსკიმ ხელი მოაწერა, მწვანე შუქი აუნთო უკრაინის პარლამენტმაც.
ეს ნიშნავს, რომ უცხოურ და უკრაინულ კრიპტო ბირჟებს ექნებათ ქვეყანაში ლეგალურად ფუნქციონირების უფლება. ბანკებს კრიპტო კომპანიებისთვის შეეძლებათ ანგარიშების გახსნა, ხოლო უკრაინელებს შეეძლებათ დაიცვან საკუთარი კრიპტოაქტივები და ამ დაცვას, სასამართლოს გზით, უზრუნველყოფს სახელმწიფო.
ტელეგრამში გაზიარებულ პოსტში, უკრაინის ვიცე პრემიერი და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი აღნიშნავს, რომ ახალი კანონით "კრიპტო სექტორი ჩრდილიდან გამოვა".
"ომის დაწყების დღიდან, კრიპტოვალუტები იქცა მნიშვნელოვან იარაღად უცხოური დახმარების მისაღებად და უკრაინის არმიის დასახმარებლად. ომის დაწყებიდან სამი კვირის განმავლობაში მხოლოდ კრიპტოვალუტების სახით უკრაინამ 54 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება მიიღო", — წერს ფედოროვი.
ხშირ შემთხვევაში ქვეყნები კრიპტოვალუტების მიმართ ასეთი ლოიალურები არ არიან და მათ რეგულაციების ქვეშ მოქცევას ცდილობენ, რაც რეალურად იმით აიხსნება, რომ სახელმწიფოებს დეცენტრალიზებული სისტემების მიმართ გარკვეული შიში აქვთ, რადგან მათ ამით ადმიანების საკონტროლებელად ერთ-ერთი ბერკეტი ხელიდან ეცლებათ.
კომენტარები