ციფრული ფრონტის ხაზი ძლიერდება: რუსეთის წინააღმდეგ 300 000 ჰაკერი გაერთიანდა
გასულ თვეში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, მიხაილო ფედოროვმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში ჰაკერებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, ონლაინ მიმოწერის პლატფორმა Telegram-ზე შექმნილ ჯგუფში, რომელიც "უკრაინის IT არმიის" სახელითაა ცნობილი, 300 000 მოხალისე გაერთიანდა.
ასევე, იხილეთ: რა არის ჰაკერული ომი — რა ზიანი შეიძლება მიადგეს რუსეთს ანონიმუსისგან
იქ გაწევრიანებულ სპეციალისტებს სხვადასხვა დავალება ეძლევათ, რომელიც აგრესორი ქვეყნის ვებსერვისებისკენაა მიმართული, ასევე, კრემლის, დუმას, გაზპრომისა და სხვა ვებგვერდებისკენ. გლობალური ინტერნეტკავშირის სამონიტორინგო კომპანია NetBlocks-ის ინფორმაციით, ახლად შექმნილი არმიის შეტევები წარმატებულია და სამთავრობო საიტების გაუმართაობას იწვევს. რუსეთი კიბერთავდასხმების მოგერიებას ცდილობს, რისთვისაც ჰაკერებს სამიზნე მისამართებზე წვდომას უზღუდავს, თუმცა ეს საქმეს აუარესებს და ხარვეზებს აღრმავებს.
ფედოროვის მიერ ტვიტერზე გასაჯაროებული Telegram ჯგუფის უკრაინული და ინგლისური ვარიანტი არსებობს, რათა სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მოხალისეებს კომუნიკაციის საშუალება მისცეს.
"დავალება ყველასთვის იქნება. ჩვენ კიბერფრონტზე ბრძოლას ვაგრძელებთ", — წერს ის პოსტში.
The Guardian-ის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ საკუთარ "ციფრულ ტალანტს" სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყენებენ. მათ შორის არიან შვეიცარიელები, ამერიკელები და თავად უკრაინელები. აღნიშნულმა ბრიტანულმა მედიასაშუალებამ ზოგიერთ მათგანთან ინტერვიუც ჩაწერა.
ანონიმური რესპონდენტებისგან ვიგებთ, რომ სურთ, უკრაინას იმით დაეხმარონ, რითაც შეუძლიათ და თანადგომა ასე გამოხატონ. უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა მათგანი გამოცდილი ჰაკერი ნამდვილად არაა. მაგალითად, ერთ-ერთი წევრი სკოლამდელი ასაკის ბავშვების ყოფილი მასწავლებელია და ცდილობს, Telegram ჯგუფში დაგროვებული დიდი რაოდენობით მონაცემები შეაჯეროს, შემდეგ კი თანამებრძოლებს გაუზიაროს, რათა ისინი ინფორმაციის ზღვაში არ დაიკარგონ.
ასევე, იხილეთ: კიბერომი — კიდევ ერთი ფრონტის ხაზი რუსეთ-უკრაინას შორის
ისინი ერთგვარ უკუ-პროპაგანდასაც ეწევიან, რასაც სარეკლამო პლატფორმების მეშვეობით ახერხებენ. ამით უპირისპირდებიან რუსულ დეზინფორმაციას, რომელსაც ქვეყანა უკვე დიდი ხანია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავრცელებს.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტების ნაწილი მსგავს არმიაში გარკვეულ რისკებსაც ხედავს, რადგან ყველას ქმედებები და ზრახვები ვერ გაკონტროლდება. მათი აზრით, შესაძლოა, რომელიმემ არასწორ სამიზნეს შეუტიოს, როგორიც საავადმყოფოა, თუნდაც ეს შემთხვევით მოხდეს.
ასეა თუ ისე, ამგვარი გაერთიანება უპრეცედენტოა და სწორი, ეფექტიანი ნაბიჯების შემთხვევაში, პუტიტინისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. მოხდება თუ არა ასე, მომავალი გვიჩვენებს.
კომენტარები