წელს ოთხ ახალ iPhone-ს ვიხილავთ — რას უნდა ველოდოთ Apple-სგან?
ეფლის ცნობილი ანალიტიკოსისა და ინფორმატორის, მინგ-ჩი კუოს თქმით, წელს ჩვენ აიფონების განახლებულ ხაზს ვიხილავთ. მისი აზრით, წელს ეფლი iPhone 14-ს (6.1"), iPhone 14 Max-ს (6.7"), iPhone 14 Pro-სა (6.1”) და iPhone 14 Pro Max-ს (6.7") გამოუშვებს. კუოს ტვიტიდან ასევე ვიგებთ, რომ სტანდარტული მოდელები, iPhone 14 და 14 Max იმავე A15 ჩიპს მიიღებენ, რომლითაც iPhone 13 არის აღჭურვილი. ამავე ინფორმაციას ადასტურებს 9to5Mac-ის დამოუკიდებელი წყაროც.
კუო ასევე აღნიშნავს, რომ iPhone 14-ის ხაზის ყველა წარმომადგენლის ოპერატიული მეხსიერება 6GB-მდე გაიზრდება. 14 Pro და 14 Pro Max, სავარაუდოდ, განახლებულ LPDDR5 მეხსიერებას მიიღებენ, შედარებით იაფიანი 14 და 14 Max კი LPDDR 4X ოპერატიულ მეხსიერებას მიიღებენ. როგორც 9to5Mac აღნიშნავს, Apple-ს ასეთი რამ ადრეც უქნია, თუმცა შორეულ წარსულში, 2013 წელს. მაშინ ეფლმა iPhone 5S ახალი A7 პროცესორით გამოუშვა, მასთან ერთად კი iPhone 5C-ც გამოვიდა, რომელიც შედარებით იაფი ღირდა, თუმცა მას A6 ჩიპი ჰქონდა.
კუოს თქმით, 14 Max 6.7 დუიმიან ეკრანს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ეკრანით ტკბობა შედარებით იაფიანი მოდელითაც იქნება შესაძლებელი. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ კუოს არაფერი უთქვამს 5.4 დუიმიანი აიფონის შესახებ. ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ წელს iPhone 14 სერიაში Mini ვერსიას ვეღარ ვიხილავთ.
Apple-ს, რაღა თქმა უნდა, iPhone 14 ჯერ არ დაუანონსებია და მათ კლასიკურად წლის ბოლოსკენ, შემოდგომას ვიხილავთ. სმარტფონების გარშემო ჭორები არ წყდება, თუმცა მინგ-ჩი კუო ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინფრომატორია. მისივე აზრით, შესაძლოა iPhone 14-ებში hole-punch კამერა და ეკრანქვეშა თითის ანაბეჭდის სენსორიც ვიხილოთ.
რაც შეეხება Mac-ებს, მარკ გურმანის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, Apple-მა ახალი, M2 პროცესორით აღჭურვილი MacBook Air და კიდევ სამი სხვა Mac უნდა გვიჩვენოს. 9to5Mac აღნიშნავს, რომ M2 ჩიპი iPhone 13-ის A15 პროცესორზე იქნება დაფუძნებული და ის კონკურენციას M1 ჩიპის ბაზისურ მოდელს გაუწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ M1 Pro, Max და Ultra ახალ M2-ზე ძლიერები იქნებიან, თუმცა მათ საპირწონედ ეფლი M2 Pro-სა და Max-ზეც მუშაობს.
კომენტარები