რუსეთის ბაზარს კიდევ ერთი ინტერნეტპროვაიდერი ტოვებს
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ Lumen Technologies გადაწყვეტა, რომ რუსეთისთვის ინტერნეტსერვისების მიწოდება შეაჩეროს, რაც მათი მხრიდან აგრესორი ქვეყნის უკრაინაში შეჭრაზე პასუხია.
ეს ამ ტიპის რიგით მეორე ამერიკული მსხვილი კომპანიაა, რომელიც ბოლო დღეებში რუსეთის ბაზრიდან გავიდა. ცოტა ხნის წინ, მსგავსი განცხადება ინტერნეტპროვაიდერმა Cogent Communications გაავრცელა.
Lumen-ში ამბობენ, რომ მათი ეს ნაბიჯი რუსეთში გაზრდილი საფრთხის თავიდან აცილებასაც ემსახურება.
"ქსელის რაიმე ხარვეზი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, თუმცა გაურკვეველი გარემო პირობებისა და სახელმწიფოს საზიანო ქმედებების რისკის გამო, მსგავსი გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლებისა და საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ", — ვკითხულობთ მათ მიერ გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რუსეთში მათი კლიენტების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. ამის მიუხედავად, ექსპერტების ვარაუდით, მის და Cogent-ის გარეშე, ქვეყანაში მოქმედ სხვადასხვა სერვისს — Rostelecom, TransTelecom, MTS, Megafon და VEON — ფუნქციონირების გაგრძელება გაუჭირდება.
Lumen მრავალი ისეთი კომპანიის სიაშია, რომელიც რუსეთის ქმედებებს ამ გზით გაემიჯნა. ზოგი სპეციალისტის აზრით, ეს ეკონომიკური სანქციების აუცილებელი ნაწილია. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ამგვარი ნაბიჯები ქვეყნის უფრო მეტად იზოლირებას შეუწყობს ხელს და იქაურ მოსახლეობას უკრაინასთან ომის შესახებ სანდო სიახლეებზე წვდომას შეუზღუდავს.
კომენტარები