მეცნიერთა გუნდმა, ახალი პროექტის ფარგლებში, "ქალთევზას მუმიის" გამოკვლევა დაიწყო. ესაა უცნაური შესახედაობის მქონე არსება (ან არსებები), რომელსაც 1736-1741 წლებს შორის პერიოდში იაპონიაში, დღევანდელი კოტის პრეფექტურის სანაპიროზე მიაგნეს.

აღმოჩენიდან დღემდე (ან თუ სკეპტიკურად მივუდგებით, მას შემდეგ, რაც ვიღაცამ მაიმუნისა და თევზის სხეულის ნაწილები შეაერთა), ნიმუში იაპონიის ქალაქ ასაკუტის ერთ-ერთ ტაძარში ინახებოდა, სადაც ის თაყვანისცემის ობიექტი გახლდათ.

"ჩვენ მას თაყვანს ვცემდით, რათა კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში ოდნავ მაინც დაგვხმარებოდა. ვიმედოვნებ, რომ ეს კვლევითი პროექტი მომავალ თაობებს მის შესახებ მეცნიერულ მონაცემებს დაუტოვებს", — აცხადებს ტაძარში მოღვაწე ღვთისმსახური.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, "ქალთევზას" კურასიკის მეცნიერებისა და ხელოვნების უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტები იკვლევენ, რაც ისტორიაში პირველად ხდება. მას კომპიუტერული ტომოგრაფია უკვე ჩაუტარდა. იგეგმება დნმ-ის ანალიზის გაკეთებაც, იმის დასადგენად, თუ რომელ ცხოველებთან გვაქვს საქმე. ვარაუდობენ, რომ ეს მაიმუნი და თევზი უნდა იყოს.

დადასტურების შემთხვევაში, ეს ხელოვნურად შექმნილი პირველი მსგავსი "ჰიბრიდი" არ იქნება. ამგვარი პრეცედენტი აქამდეც ყოფილა, მაგალითად, "ქალთევზა", რომელიც ხის ტანზე მავთულებით მიბმული თევზი აღმოჩნდა. მეტი დამაჯერებლობისთვის მას ადამიანის თმა ჰქონდა მიმაგრებული. იგივე შეიძლება ითქვას ცნობილ "ფიჯის ქალთევზაზეც", რომელიც სინამდვილეში მაიმუნისა და თევზის შეერთებული ნაწილები იყო.

სავარაუდოდ, მალე ამ ჩამონათვალს ზემოხსენებული ნიმუშიც შეემატება. კვლევის შედეგები მიმდინარე წელს გამოქვეყნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.