თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ სამართალდამცავები ვერ გარკვეულან არსებობს თუ არა დრონის ჩანაწერები. მისივე თქმით, კითხვები სწორედ ძებნის დროს დრონის გამოყენებას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არაერთხელ განაცხადეს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ხუთდღიანი ძებნის განმავლობაში დრონს იყენებდნენ.

"რაც შეეხება ჩემს კითხვებს, პირველ რიგში, დაკავშირებულია ხუთდღიან ძებნასთან, რომელიც მიმდინარეობდა თუ გამოყენებულია დრონი მე მაინტერესებს ამ დრონის ჩანაწერები, თუ რა ადგილებია მოძიებული. არ ვიცი, თვითონაც გაურკვევლობაში არიან, ვერ გარკვეულან არსებობს თუ არა ეს ჩანაწერები", — აღნიშნა მან.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, საქმეზე ბევრი ექსპერტიზაა დანიშნული, მათ შორის კალიგრაფიული.

"მაქვს ეჭვი, რომ ასე მარტივად თვითმკვლელობა არ მოხდებოდა და შესაბამისად, ერთ საათში და ორ საათში გაცნობილი ჩვენებების საფუძველზე, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა", — განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათი თქმით, დაკარგულის ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლეოობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო. მათთვის გაურკვეველია, როგორ ვერ იპოვეს მანქანა 4 დღის განმავლობაში, თუკი სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო დრონი. ადვოკატს, ასევე, აქვს კითხვა, რატომ იპოვა მანქანა მწყემსმა და ვერ მოახერხა ეს პოლიციამ.

ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილის მანქანაში იპოვეს მისი ტელეფონი, რომელიც გამორთული იყო და ამოღებულია სხვადასხვა მედიკამენტიც. რამიშვილს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა პრეპარატებია, თუმცა აცხადებს, რომ ფსიქოტროპული არ არის.

სოციალურ ქსელებში და მედიაში გაჩნდა კითხვები ბაჩალიაშვილის სამსახურთან დაკავშირებით. ბაჩალიაშვილს LinkedIn-ის თანახმად, დეველოპერად ორ კომპანიაში, ზეგ-სა და ავსტრიულ Spryflash-ში მუშაობდა. კომპანია ზეგში დღეს შსს შევიდა. დირექტორი ამტკიცებს, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება ზეგ-ში საქმიანობას არ უკავშირდება.