რუსეთის აგრესია, შესაძლოა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც აისახოს
რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინაში და ამასთან ერთად კიდევ უფრო ზიანდება მისი საერთაშორისო რეპუტაცია. ამან შეიძლება საერთაშორისო კოსმოსური სადგურიც შეიწიროს.
ექსპერტებმა, მათ შორის NASA-ს ამჟამინდელმა და ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა, უთხრეს Politico-ს, რომ თუ მოსკოვი თავისი მოდულების ორბიტალური ლაბორატორიიდან გამოყოფას მოინდომებს, სავსებით შესაძლებელია, საერთაშორისო კოსმოსური სადგური დაიშალოს.
ეს იმის გამო, რომ რუსული მოდულები ხელს უწყობს სადგურის ორბიტაზე გამაძლიერებლების მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ SpaceX-ის ჩართულობით ISS-ის შენარჩუნება შეიძლება მაინც მოხერხდეს, აქ საკითხი ასე დადგება — რამდენად ღირს ის ამად? შეგახსენებთ, რომ 2031 წლისთვის არსებული საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) ისედაც გაუქმდება და მისი ნარჩენები ოკეანეში ჩაეშვება.
"რუსეთის გამოყოფის შემთხვევაში მოგვიწევს დამატებითი თანხების ინვესტიცია. ISS დასაშლელად არასდროს იყო განსაზღვრული", — უთხრა Politico-ს ბრაიან უიდენმა, Secure World Foundation-ის კოსმოსის მკვლევარმა.
ეს ყველაფერი აქტუალურია განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ დიმიტრი როგოზინმა, რუსეთის კოსმოსური სააგენტოს როსკოსმოსის ხელმძღვანელმა, გასული კვირა Twitter-ზე პრო-პუტინურ პროპაგანდაში გაატარა. ის ასევე ფარულად დაიმუქრა, რომ მათ შესაძლოა გაიყვანონ თავისი მოდულები.
რუსეთსა და აშშ-ს შორის აქამდეც არსებული უთანხმოებების მიუხედავად, მათი კოსმოსური ურთიერთობები შედარებით დალაგებული იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ესეც იცვლება და ეს ყველაფერი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც აისახება.
კომენტარები