რამდენად აზიანებს TikTok მოზარდებს? — რეგულატორებმა გამოძიება დაიწყეს
ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეგულატორები გამოძიებას ატარებენ, რომელმაც უნდა დაადგინოს, აზიანებს თუ არა TikTok ბავშვებსა და ახალგაზრდებს.
გამოძიებას მასაჩუსეტსის მთავარი პროკურორი მაურა ჰილი ხელმძღვანელობს. რეგულატორები იკვლევენ, დაარღვია თუ არა კომპანიამ მომხმარებლის დაცვასთან დაკავშირებული კანონები ან შეუქმნა თუ არა საზოგადოებას რისკი.
"ბავშვებსა და თინეიჯერებს შფოთვასთან, სოციალურ წნეხთან და დეპრესიასთან გამკლავება ისედაც უწევთ, ამიტომაც სოციალურ მედიას ვერ მივცემთ უფლებას, მათი ფიზიკური ჯანმრთელობა და ფსიქიკური კეთილდღეობა კიდევ უფრო დააზარალოს", — განაცხადა ჰილიმ.
რელიზის მიხედვით, გამოძიების ფარგლებში შეისწავლიან, რამდენად აზიანებს TikTok-ის გამოყენება ახალგაზრდებს და იციან თუ არა კომპანიაში ამის შესახებ.
"სხვა საკითხებთან ერთად, გამოძიება TikTok-ის მიერ ჩართულობის გასაზრდელად გამოყენებულ მეთოდებსა და ტექნიკებს დაუკვირდება", — ნათქვამია განცხადებაში.
რეგულატორთა ამგვარ ეჭვებს წინმსწრები მოვლენებიც უდებს საფუძველს. მათ გასულ წელს Facebook-ს მოუწოდეს, საბავშვო Instagram-ის გამოშვება გადაეფიქრებინა. 2021 წლის სექტემბერში The Wall Street Journal-მა გვაუწყა, რომ Facebook-ის შიდა კვლევის მიხედვით, ინსტაგრამს შფოთვის, დეპრესიისა და სხეულის აღქმის დარღვევების გამოწვევა შეეძლო, განსაკუთრებით კი თინეიჯერ გოგოებში.
უწყებაში TikTok-ის სპიკერი, ბენ რატი, გამოძიებას შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:
"ჩვენ ძალიან გვსურს შევქმნათ გამოცდილება, რომელიც ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობას წაადგება და ვაფასებთ, რომ რეგულატორები ახალგაზრდა მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. მოუთმენლად ველით, თინეიჯერების უსაფრთხოებისათვის განკუთვნილი საშუალებების შესახებ გავცეთ ინფორმაცია".
კომენტარები