Reuters-ის თანახმად, ორშაბათს უკრაინის ელჩმა აშშ-ში განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის სამოქალაქო პირებზე თერმობარული იარაღი, იგივე ვაკუუმის ბომბები, გამოიყენა.

გასათვალისწინებელია, რომ ამგვარ იარაღს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გმობს.

როგორ მოქმედებს თერმობარული იარაღი

ვაკუუმის ბომბი, იგივე თერმობარული იარაღი, გარემომცველი ჰაერიდან ჟანგბადს ბოლომდე იყენებს, რათა მაღალტემპერატურული აფეთქება წარმოშვას. იგი ტრადიციულ აფეთქებაზე გაცილებით დიდხანს გრძელდება. მის სიმძლავრეს შეუძლია, ადამიანის სხეული მომენტალურად ააორთქლოს.

თერმობარული იარაღი აფეთქების არეალში მყოფი ადამიანების ფილტვებიდან ჰაერს ისრუტავს. ისინი სითბოსა და წნევის კომბინაციაზე მუშაობს და ქვანახშირის მაღაროთა აფეთქებებისაგან არის შთაგონებული.

გამანადგურებელი კატასტროფის შედეგად ხშირად აირის ან წვრილი ნაწილაკების ღრუბლები წარმოიქმნება, რომლებიც შემდგომში ალის სახით იფრქვევა. თერმობარული იარაღი სამიზნე ადგილას ფეთქებადი მატერიის ღრუბელს წარმოქმნის, ნივთიერების აალებას კი გამანადგურებელი შედეგები მოსდევს. ვაკუუმის ბომბს შეუძლია, ადამიანს სხეულიდან ჰაერი წაართვას და ორგანოებს შეუქცევადი დაზიანებები მიაყენოს.

ფოტო: BBC

გამოიყენეს თუ არა უკრაინაში?

Reuters-ის ცნობას თუ დავეყრდნობით, უკრაინის ელჩი აშშ-ში, ოქსანა მარკაროვა, დარწმუნებულია, რომ რუსებმა უკრაინაში ვაკუუმის ბომბი გამოიყენეს.

"მათ დღეს ვაკუუმის ბომბი გამოიყენეს", — განაცხადა მან კანონმდებლებთან შეხვედრისას — "რუსეთი უკრაინისათვის უზარმაზარი ზარალის მიყენებას ცდილობს".

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენიფერ ფსაკიმ პრესბრიფინგზე დაადასტურა, რომ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებულ უწყებებს თავადაც გაეცნო, თუმცა ფაქტის აბსოლუტური მტკიცებულება, ჯერჯერობით, არ აქვს.

"თუ ეს მართალია, ალბათ, სამხედრო დანაშაული იქნებოდა", — დასძინა მან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.