რუკა, რომლითაც უკრაინელები კონფლიქტს თვალს ადევნებენ, გუშინ DDoS შეტევის სამიზნე გახდა
DDoS შეტევა, ანუ განაწილებული შეტევა მომსახურების დაბლოკვის მიზნით, მრავალი კომპიუტერიდან განხორციელებული შეტევაა. ამ დროს თავდამსხმელი დროის კონკრეტულ მონაკვეთში ძალიან ბევრჯერ მიმართვით ცდილობს ქსელის გადატვირთვას, შედეგად კი საიტის ფუნქციონირებას აფერხებს.
The New York Times-ის ინფორმაციით, ვებსაიტი Liveuamap, რომელსაც ჟურნალისტები და დამხმარე ორგანიზაციები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისათვის თვალის მისადევნებლად იყენებდნენ, გუშინ 18-საათიანი DDoS შეტევის სამიზნე გახდა.
ვებსაიტი უკრაინელმა ჟურნალისტებმა და დეველოპერებმა 2014 წელს შექმნეს და ძირითადად სახელმწიფოს გარეთ მუშაობს. გუშინ 21:48-ზე Liveuamap-იდან განაცხადეს, რომ Cloudflare-ის დახმარებით ვებსაიტი ნელ-ნელა ბრუნდებოდა ონლაინ, კომპანიის მობილურ აპლიკაციას კი იმ დროისათვის გარკვეული ხარვეზები კვლავაც ჰქონდა. მიუხედავად ყველაფრისა, თავდამსხმელის ვინაობა უცნობია.
ხუთშაბათს დაწყებული ომიდან ცოტა ხნის შემდეგ უკრაინამ რუსეთის მხრიდან სამთავრობო საიტებზე კიბერშეტევების შესახებაც განაცხადა. სახელმწიფომ საერთაშორისო მოხალისეთა "IT არმია" მოიხმო, რათა რუსული სამთავრობო საიტებისათვის შეეტიათ. იმავე შაბათ-კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე DDoS შეტევის განხორციელება Anonymous-მა აიღო საკუთარ თავზე.
კომენტარები