თინეიჯერმა, რომელიც ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის გადაადგილების თვალის დევნებით და ამ ინფორმაციის გასაჯაროებით გახდა ცნობილი, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის ფონზე თავისი ყურადღება ახლა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ადამიანებისკენ — პუტინისკენ და რუსი ოლიგარქებისკენ მიმართა.

ჯეკ სუინის შესახებ ყველამ მაშინ გავიგეთ, როდესაც იგი მასკის თვითმფრინავის ყოველ გადაადგილებას მთელ მსოფლიოს აცნობდა.

ორი დღის წინ ჯეკი რუსეთის ყველაზე მდიდარ ბიზნესმენებს ჩაუდგა კვალში და Twitter-ის ანგარიშიდან — Russian Oligarch Jets, მათი თვითმფრინავების აფრენა-დაშვების დროსა და ადგილს გვიზიარებს. CNBC-ის მიხედვით, ორშაბათს რუსეთის უმდიდრესმა ბიზნესმენებმა თავიანთი მეგა იახტების მონტენეგროსა და მალდივის კუნძულებზე გადატანა დაიწყეს, მათი შესაძლო გაყინვისა და ჩამორთმევის თავიდან ასაცილებლად.

როგორც ჩანს, რუსი მილიარდერები საკუთარ თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებსაც აპარებენ ქვეყნიდან. Oligarch Jets-ს ანგარიშზე უკვე გავრცელდა ინფორმაცია რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავის რამდენიმე ფრენის შესახებ, რაც ასევე მოიცავდა ორშაბათს შვეულმფრენით გადაადგილებას კარიბის ზღვის თავზე.

ცოტა ხნის წინ კი ჯეკ სუინმა კიდევ ერთი ანგარიში — Russian VIP & Putin Jets შექმნა, საიდანაც იგი მსოფლიოს პუტინისა და რუსული ელიტის თვითმფრინავების გადაადგილების დროსა და ადგილს ამცნობს, თუმცა, მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში ფრენის მონაცემები შეზღუდულია, ამ ინფორმაციის სიზუსტეში ბოლომდე დარწმუნებულები არ უნდა ვიყოთ.