TikTok ვიდეოების ხანგრძლივობას 10 წუთამდე ზრდის
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, TikTok ვიდეოების ხანგრძლივობას 10 წუთამდე ზრდის, რასაც კომპანია გასული თვეების განმავლობაში ტესტავდა. აქამდე მაქსიმალური ზღვარი ჯერ 15 წამი, შემდეგ 60 წამი, 2021 წლიდან კი 3 წუთი იყო.
"ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რა სიახლე შევთავაზოთ მომხმარებლებს და როგორ გავამდიდროთ TikTok-ზე მათი გამოცდილება. გასულ წელს, უფრო ხანგრძლივი ვიდეოები წარვადგინეთ, რითაც ადამიანებს პლატფორმის გამოსაყენებლად და გასართობად მეტი დრო მივეცით. მოხარულნი ვართ, რომ დღეს უკვე 10 წუთამდე ხანგრძლივობის მქონე ვიდეოების ატვირთვის საშუალებას გთავაზობთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხალხს შემოქმედებითი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში დაეხმარება", — აცხადებენ კომპანიაში.
ეს სიახლე TikTok-ის YouTube-თან კონკურენციას ამძაფრებს. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა, მომხმარებლების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, აპლიკაციაში მოკლე ვიდეოების ფუნქციაც კი დაამატა, რომელიც YouTube Shorts-ის სახელითაა ცნობილი. თუმცა,TikTok-ის უპირატესობა მხოლოდ ამაში არ მდგომარეობს. ის სპეციალურ ეფექტებს, გაფართოებული რეალობის ხელსაწყოებს, მუსიკის კატალოგსა და სხვა მსგავს მახასიათებლებს აერთიანებს.
ამგვარი ნაბიჯები გადადგა, მაგალითად, Instagram-მა და ახლა უკვე Facebook-მაც, რომლებსაც Reels-ის ფუნქცია დაემატა. გამონაკლისი არ ყოფილა ისეთი პლატფორმებიც, როგორიცაა Snapchat და Pinterest.
კომპანიაში ამბობენ, რომ დროის გაზრდილი ლიმიტი გლობალურად რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩაეშვება. ამის შესახებ თავად აპლიკაცია შეგატყობინებთ, მაგრამ აუცილებელია, მისი ბოლო ვერსია გქონდეთ გადმოწერილი.
კომენტარები