Google-ის უფასო აპლიკაცია, რომლითაც კომპიუტერს დისტანციურად გამოიყენებთ
თუ ოდესმე ერთი კომპიუტერიდან მეორეზე დისტანციურად წვდომა და მისი გამოყენება დაგჭირვებიათ, Google ამისთვის საკუთარ აპლიკაციას, სახელად Chrome Remote Desktop გთავაზობთ, რომლითაც მომხმარებლები უკვე რამდენიმე წელია, სრულიად უფასოდ სარგებლობენ.
პროგრამა საშუალებას იძლევა, რომ სხვა კომპიუტერი iOS-ისა და Android-ის ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე მოწყობილობებიდან ან ნებისმიერი ვებ ბრაუზერიდან გავაკონტროლოთ. შეგიძლიათ, ამ გზით თამაშები და დიდი მოცულობის სხვა ინფორმაცია გადმოიწეროთ, ტექნიკური მხარდაჭერა მიიღოთ ან ერთჯერადი კოდით მეგობრის/ოჯახის წევრის ლეპტოპს დაუკავშირდეთ. გასათვალისწინებელია, რომ ამისთვის დაწყვილებული გაჯეტი აუცილებლად ჩართული უნდა იყოს.
აპლიკაციის გამოსაყენებლად Google-ის ანგარიში დაგჭირდებათ. პირველ რიგში, ეწვიეთ Remote Desktop-ის საიტს იმ კომპიუტერიდან, რომლის გაკონტროლებაც გსურთ. მის დასაყენებლად, Set Up Remote Access-ს დააჭირეთ, შემდეგ კი პინკოდი შექმენით. Remote Support-ის არჩევით შესაძლებელია პირდაპირ ეკრანის გაზიარებაც.
თუ ამას ვებ ბრაუზერიდან აკეთებთ, ყველაფერი ისეა, თითქოს მართლაც იმ კომპიუტერიდან მუშაობთ, თუმცა სიგნალების მცირედი დაყოვნებით. ეკრანის მარჯვენა მხარეს არსებულ პატარა ისარზე დაკლიკებით სხვადასხვა პარამეტრს გაასწორებთ, კლავიატურის shortcut-ს შექმნით და ციფრულ საქაღალდეებსაც გადააგზავნით.
მობილური აპლიკაცია სენსორულ ეკრანზეა მორგებული. მაგალითად, მასზე ერთჯერ ან ორჯერ დაჭერა მაუსის დაკლიკების ეკვივალენტურია. Trackpad რეჟიმზე გადართვით კი თითის მოძრაობას კურსორის გადაადგილების ფუნქცია მიენიჭება. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ეს დიდად მოსახერხებელი არაა, მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში ნამდვილად გამოგადგებათ.
კომენტარები