როგორ დავაღწიოთ თავი არასასურველ საუბრებს Twitter-ზე? — სავარაუდოდ, პლატფორმა ახალ ფუნქციას ტესტავს
შესაძლოა, Twitter ახალ ფუნქციას ტესტავდეს, რომელიც არასასურველი thread-ებისაგან თავის დაღწევაში დაგვეხმარება. რამდენიმე დღის წინ მწერალმა და მკვლევარმა ჯეინ მანჩუნ ვონგმა ახალი, სასაუბროს დატოვების "leave this conversation" ფუნქციის ამსახველი ფოტოსურათი გამოაქვეყნა. როგორც სქრინშია აღწერილი, ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, Twitter-ის სასაუბროში მონიშვნა გაიუქმოთ და მის შესახებ შეტყობინებების მიღება შეწყვიტოთ.
ფუნქცია განსხვავდება სასაუბროს დადუმების არსებული "mute this conversation" ფუნქციისგან, რომლის ფარგლებშიც thread-ის შესახებ შეტყობინებები აღარ მოგვდის. მომდევნო ტვიტს თუ დავუჯერებთ, სასაუბროს დატოვების შემდეგ თქვენს სახელს თქვენივე პროფილზე გადმოსასვლელი ბმული მოშორდება და მხოლოდ ჩვეულებრივი ტექსტის ფორმით დარჩება. ამის ხილვა სხვა მომხმარებლებსაც მიანიშნებს, რომ საკითხით დაინტერესებული არ ხართ, ამიტომაც შესაძლოა, თქვენი მონიშვნისაგან თავი შეიკავონ.
როგორც ყოველთვის, კომპანიამ The Verge-თან საუბრისას აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებაზე უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, Twitter ახალ-ახალ გზებს მუდმივად გვთავაზობს იმისათვის, რომ ჩვენივე ანგარიშთან სხვა მომხმარებლების ჩართულობა ვაკონტროლოთ. მაგალითად, შეგვიძლია მომხმარებელს ჩვენივე გამოწერა გავაუქმებინოთ, შეტყობინებებისა და პასუხების რაოდენობა შევზღუდოთ და სხვა. შესაძლოა, ახალი ფუნქცია შედარებით დრამატული აღმოჩნდეს, თუმცა, დიდი ალბათობით, არასასურველი thread-ებისაგან თავის დაღწევაში იგი არაერთ მომხმარებელს დაეხმარება.
კომენტარები