YouTube-მა დიზაინში მცირე ცვლილება შეიტანა — ეს ლაივ ვიდეოების პოვნას გაგვიმარტივებს
YouTube-ს დიზაინში ახალი ინდიკატორი შემოაქვს, რომელიც არხის პროფილის სურათს ლაივ სტრიმინგის დროს დააჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას პლატფორმის წარმომადგენელი ნილ მოჰანი ავრცელებს Twitter-ზე.
სტრიმინგისას არხის სურათის ირგვლივ რგოლი ჩნდება წარწერით "Live", მასზე დაჭერით კი პირდაპირი ეთერის ყურებას შეძლებთ. ფუნქციამ YouTube-ის თვალიერებისას ლაივ ვიდეოების პოვნა უნდა გაგიმარტივოთ.
ამგვარი დიზაინი ლაივ სტრიმინგის საჩვენებლად უკვე არაერთ სხვა სერვისშია გამოყენებული. TikTok-ის შიგთავსის თვალიერებისას არხის სურათზე მოძრავი რგოლის ეფექტი გვხვდება, Instagram-ი კი პროფილის სურათების გარშემო, სიახლეების ზოლის თავში, ფერად რგოლს გვიჩვენებს.
როგორც ჩანს, Snapchat-ის Story-ების მსგავსად, ლაივ სტრიმინგის რგოლი უამრავი პლატფორმისათვის, მათ შორის YouTube-ისათვის, სამომხმარებლო ინტერფეისის მიმზიდველი ნაწილი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ TikTok-ისგან ყველაზე დიდი შთაგონება YouTube-მა მაინც Shorts ელემენტის ინტეგრირებისას აიღო, რომელიც ვერტიკალურ ზოლზე მცირე ხანგრძლივობის მქონე ვიდეო-კონტენტის თვალიერების საშუალებას გაძლევთ.
კომენტარები