ამიერიდან Twitter ბოტის ამოცნობას გაგიმარტივებთ — პლატფორმას ახალი ფუნქცია ემატება
სექტემბერში Twitter-მა ექსპერიმენტი ჩაატარა და ავტომატიზებული ანგარიშებისთვის (ბოტი) იარლიყები შემოიღო, რათა ავტომატურად მართული ანგარიშები მარტივად ამოსაცნობი ყოფილიყო. მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, პლატფორმა კი უკვე დეველოპერებს საშუალებას მისცემს, თავიანთი ავტომატიზებული ანგარიშები შესაბამისი ნიშნებით აღნიშნონ.
ტვიტერის წარმომადგენელს თუ დავუჯერებთ, იარლიყები კონკრეტულად დეველოპერების მიერ შექმნილი, Twitter API-თ მოსარგებლე ავტომატიზებული ანგარიშებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მესაკუთრეები კი მათ ნებაყოფლობით გამოიყენებენ. სპეციალურ ნიშნულებს იხილავთ როგორც ანგარიშის პროფილზე, ასევე მის სახელს ქვემოთ, სიახლეების ზოლში.
შესაძლოა, ავტომატიზებული ანგარიშების მმართველებისათვის ფუნქცია საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდეს, ამ ტიპის ანგარიშების იარლიყებით აღნიშვნა კი შეგვახსენებს, რომ ისინი ავტომატურად მუშაობს.
მართალია, ბოტი ძირითადად უარყოფით ასოციაციებს აღგვიძრავს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მისგან არაერთი სარგებლის მიღება შეგვიძლია. მაგალითად, The Verge-ის თანამშრომელმა ჩაიმ გარტენბერგმა დამხმარე ბოტი შექმნა, რომელიც გვეუბნება, რა დღეა, ტვიტერის ერთ-ერთ ავტომატიზებული ანგარიში კი ამინდის პროგნოზს გვაცნობს.
ბოტებს ხშირად ბოროტი მიზნებითაც იყენებენ, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ავტომატიზებული ანგარიშები ტვიტერის მათთვის განკუთვნილ და ზოგად წესებს ექვემდებარება. Twitter იარლიყის მქონე ანგარიშებს არ შეამოწმებს, თუმცა მომხმარებლები, წესების დარღვევის შემთხვევაში, ანგარიშების დასმენას კვლავ შეძლებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ Twitter დაღუპული მომხმარებლების ხსოვნის უკვდავსაყოფ იარლიყებზეც მუშაობს. ამგვარი ნიშანი 2021 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა ჯერჯერობით იგი ხელმისაწვდომი მაინც არ არის.
კომენტარები