23 თებერვლიდან Snapchat-ში სახელის შეცვლა შეგეძლებათ — როგორ
თვის ბოლოს Snapchat-ის ახალი განახლება გამოვა, შედეგად კი პლატფორმაზე მომხმარებლის სახელის შეცვლას შეძლებთ. კომპანიის განცხადებით, ფუნქცია 23 თებერვალს გამოვა და iOS-სა და Android-ზე იქნება ხელმისაწვდომი.
აქამდე პლატფორმაზე რეგისტრაციისას შერჩეული სახელის შეცვლა მხოლოდ ავსტრალიაში იყო შესაძლებელი, სხვის დასარქმევად კი დანარჩენი მომხმარებლებისათვის მხოლოდ ახალი ანგარიშის შექმნა იყო გამოსავალი.
სახელის შესაცვლელად Bitmoji-ს ხატულას უნდა დააჭიროთ კამერის ზედა მარჯვენა კუთხეში და პროფილის ველზე გადახვიდეთ. პარამეტრების ხატულას არჩევის შემდეგ მომხმარებლის სახელის "Username" წარწერას დააჭერთ, ბოლოს კი მის შესაცვლელ ბრძანებას "Change Username".
Snapchat-ის პრესრელიზს თუ დავუჯერებთ, მომხმარებლის სახელის ცვლილება თქვენს კონტაქტებზე, Snap კოდზე, Snap Score-სა თუ მოგონებებზე გავლენას არ იქონიებს.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებლის სახელის შეცვლა წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეგეძლებათ. ამასთანავე, ვერ აირჩევთ სახელს, რომელიც წარსულში ვინმეს, ან თუნდაც თქვენ გამოგიყენებიათ, შეცვლის შემდეგ კი, როგორც ჩანს, წინა სახელი სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს.
კომენტარები