ამიერიდან, ყოველ შაბათს, მთავარი არხის დილის გადაცემის — შენი დილა ეთერში NEXT.On.ge-ის რუბრიკა NEXT-ს შეხვდებით. რუბრიკის ფარგლებში კვირის განმავლობაში მომხდარი მთავარი ტექნოლოგიური და სამეცნიერო მოვლენების შესახებ NEXT.On.ge-ის რედაქტორი — დათო სამნიაშვილი მოგიყვებათ. შენი დილა სატელევიზიო გადაცემაა, რომელიც ყოველ დილით, მთავარი არხის ეთერში გადის.

"დიდი მადლობა "შენი დილის" გუნდს ამ პარტნიორობისთვის. გვჯერა, რომ ერთად ბევრად უკეთ შევძლებთ ტექნოლოგიური და სამეცნიერო ცოდნის ფართო აუდიტორიამდე მიტანას", — ნათქვამია NEXT.On.ge-ის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

"NEXT.On.ge გამოცემაა, რომელიც ყოველდღიურად ქმნის სამეცნიერო და ტექნოლოგიური თემატიკის მრავალფეროვან კონტენტს. ახალი ამბების, სტატიების, ქვიზების, ინტერვიუების, ინფოგრაფიკების, პოდკასტებისა თუ ვიდეოების შექმნის გზით ვცდილობთ, სულ უფრო მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ამბები ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სამეცნიერო მიღწევების სამყაროდან. სატელევიზიო ბადის ჩვენთვის დათმობა დიდი შესაძლებლობაა, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა. მით უფრო მაშინ, როცა თემები, რომლებსაც ყოველდღიურად ვფარავთ, ასე ცხად გავლენას ახდენს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობასა და გადაწყვეტილებებზე", — ამბობს ხატია თორდუა, NEXT.On.ge-ის მთავარი რედაქტორი.