გაიცანით Fresco XL — ელექტრომობილი ნორვეგიიდან, რომელიც ერთ დამუხტვაზე 1000 კილომეტრს გადის
ნორვეგიულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა Fresco Motors, ახალი ელექტრომობილი წარადგინა. მათ შემოქმედებას Fresco XL ჰქვია და როგორც მწარმოებლები იუწყებიან, ერთი სრული დამუხტვით ის 620 მილის, ანუ 1 000 კილომეტრის გავლას შეძლებს.
თუ ეს ყველაფერი სიმართლეა Fresco XL გახდება ელექტრომობილი, რომელსაც ერთი დამუხტვით ყველაზე დიდი მანძილის დაფარვა შეუძლია.
ამჟამად ყელაზე გრძელ მანძილს 2021 წლის Lucid Air ფარავს, რომელსაც EPA-ს რეიტინგით, ერთი სრული დამუხტვით 837 კილომეტრის გავლა შეუძლია.
ელექტრომობილისთვის ელემენტის მოცულობა და ერთი სრული დამუხტვით განვლილი მანძილი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ავტოსამყაროს ელექტრიფიკაციასთან ერთად, საკუთარი კოცნცეპტი Mercedes-Benz-მაც წარადგინა, მათი Vision EQXX ერთი სრული დამუხტვით ასევე 1 000 კილომეტრის გავლას შეძლებს.
Fresco Motors 2019 წელს დაარსდა. კომპანიამ სახელი ფუტურისტი ინჟინრის, Jacque Fresco-ს პატივსაცემად მიიღო. უკანასკნელ განცხადებაში კომპანიამ დააანონსა, რომ Fresco XL-ს თითოეულ ბორბალზე საკუთარი ელექტრო ძრავა ექნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილს ოთხივე წამყვანი თვალი ექნება და მის გამოყენებას ცუდი გზის პირობებშიც შევძლებთ. ავტომობილი 8 ადგილიანი იქნება და ორმაგ ელემენტს მიიღებს. სწორედ ამ უკანასკნელმა უნდა უზრუნველყოს ერთი დატენვით 1 000 კილომეტრის გავლა.
Fresco Motors აღნიშნავს, რომ ავტომობილს რევერსული დამუხტვის საშუალებაც ექნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაუთვალისწინებელი პრობლემის ან ბუნებრივი კატასტროფის დროს, თქვენი ავტომობილი სხვა ელექტრო ნივთების დამუხტვას ან სულაც სახლის განათებას შეძლებს. ფაქტობრივად, Fresco XL იქნება დიდი გენერატორი ბორბლებზე.
"თუ სახლში დამატებითი ენერგია დაგჭირდებათ, Fresco XL-ის თქვენს სახლთან დაკავშირებას ძალიან მარტივად შეძლებთ. მისი უდიდესი ელემენტის დამსახურებით XL იქნება ენერგიის იდეალური შემნახველი, რომლის გამოყენებასაც რთულ პერიოდში ჩვენს სასარგებლოდ შევძლებთ", — ამბობს Fresco-ს ბორდის წევრი Adrian Kristofer Locklindh.
მიუხედავად იმისა, რომ Fresco Motors-ს დიდი ამბიციები აქვს და რიცხვებიც თამამად წარუდგინა სამყაროს, უნდა ვთქვათ, რომ კომპანიას ელემენტთან დაკავშირებული დეტალებული ზუსტად არ გაუვრცელებია და საინტერესოა თუ როგორ შეფასებას მიიღებს ავტომობილი მარეგულირებლებისგან. ავტომობილის წინასწარი შეკვეთა Fresco-ს საიტზე უკვე შესაძლებელია და მისი საწყისი ფასი $114 330 გახლავთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები