Signal-ის აპლიკაციაში ნომრის შეცვლისას ძველი მიმოწერები აღარ წაგეშლებათ
ტექსტური შეტყობინებებისათვის განკუთვნილი უსაფრთხო აპლიკაცია Signal ახალ ფუნქციას უშვებს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ანგარიშზე ტელეფონის ნომერი არსებული მიმოწერების, ჯგუფებისა და მესიჯების დაკარგვის გარეშე შეცვალონ.
ახლის დასამატებლად ძველ ნომერზე Signal-ის მესიჯების გაგზავნა კლვავაც უნდა შეგეძლოთ. ამის შემდეგ ანგარიშის პარამეტრებიდან Change Phone Number ვარიანტს აირჩევთ, სადაც აპლიკაცია ძველი და ახალი ნომრების შეყვანას მოგთხოვთ. საბოლოოდ, Signal რეგისტრაციის სტანდარტული პროცედურის გავლაში დაგეხმარებათ, რათა ანგარიშზე ახალი ნომერი დაყენდეს.
ამის შემდეგ Signal-ში თქვენი კონტაქტები ახალ შეტყობინებას მიიღებენ სასაუბროში, რომელიც მათ ნომრის შეცვლის შესახებ აცნობებს. რაც მთავარია, არ დაკარგავთ ძველ შეტყობინებებსა და ჯგუფებს, რომლებშიც ძელი ნომრით გაწევრიანდით.
ახალი ფუნქცია მათთვისაა განკუთვნილი, ვინც ტელეფონს იტოვებს, მაგრამ ნომრის შეცვლა სურს — თუკი ახალი მობილურის შეძენას აპირებთ და თქვენი მონაცემების დაკარგვა არ გინდათ, მაშინ Signal-ის ადგილობრივი მონაცემების გადატანის ფუნქცია უნდა გამოიყენოთ, ძველი შეტყობინებების გადმოსატანად.
კომენტარები