კომპანია Joby Aviation სამხრეთკორეელებს მფრინავი ტაქსის სერვისს შესთავაზებს
აშშ-ის კალიფორნიის შტატში დაფუძნებულმა სტარტაპმა Joby Aviation სამხრეთ კორეის ერთ-ერთ უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან SK Telecom (SKT) გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც იქაური მაცხოვრებლებისთვის მფრინავი ტაქსის სერვისის შეთავაზებას ითვალისწინებს.
ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სისტემით აღჭურვილი ელექტრომობილი ხმელეთსა და ცაში უსაფრთხოდ გადასაადგილებლად SKT-ის პლატფორმას T Map Mobility გამოიყენებს, რომელიც გამოწერაზე დაფუძნებული სატრანსპორტო მომსახურება გახლავთ. ასევე, ის ინტეგრირებული იქნება Uber Technologies-ის სამგზავრო სერვისთან.
შეგახსენებთ, რომ Uber და Joby Aviation 2019 წლიდან თანამშრომლობენ. პირველ მათგანს სტარტაპის განვითარებაში დიდი ინვესტიციაც აქვს ჩადებული. ისინი აშშ-ში საჰაერო ტაქსების კომერციულ ჩაშვებას აპირებენ, რაც 2024 წლიდანაა მოსალოდნელი. აპარატით სარგებლობას მსურველები ნებისმიერი მათგანის კუთვნილი აპლიკაციის მეშვეობით შეძლებენ. სწორედ ასეთი სახის პარტნიორობა დამყარდება SK Telecom-თანაც.
ახლახან გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, კომპანიები სამხრეთ კორეის ხელისუფლების დასტურს ელიან. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახორციელებენ ისინი თავიანთ გეგმებს ან სად შედგება პირველი ფრენები. თუმცა, მათი მიზანი თანხვედრაშია ქვეყნის მთავრობის ინიციატივასთან, რომლის მიხედვითაც, დიდ ქალაქებში გზების განსატვირთად, ურბანული საჰაერო სერვისები 2025 წლისთვის ამოქმედდება.
მაგალითად, აპირებენ, რომ მიმდინარე დეკადის დასასრულისთვის სეულის ცენტში პირველ ჯერზე 1-2 მარშრუტი დაგეგმონ და მფრინავი ტაქსების 10-მდე სადგური ააგონ, რომელიც იმ არეალში მოძრავ ტრანსპორტსა თუ გვირაბებს დაუკავშირდება. ამ გზით მსგავსი ელექტრომობილები სამხრეთკორეელების ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, მოქალაქეებს დროს დაუზოგავს და ატმოსფეროში მავნე აირების ემისიასაც შეამცირებს.
კომენტარები