Twitter კომენტარების დაწუნების ფუნქციას გლობალურად ტესტავს — რას შეცვლის ეს
Twitter-ის მომხმარებლები ბოლო დროს კომენტარებზე downvote — დაწუნების — ღილაკს აწყდებიან. საცდელი ფუნქციის დატესტვა ტვიტერმა გასულ წელს დაიწყო, ახლა კი, კომპანიის განცხადებით, მას გლობალური მასშტაბით ცდიან.
კომენტარის დაწუნების შესაძლებლობა თავიდან მხოლოდ ვებ-მომხმარებელთა შერჩეულ ჯგუფს ჰქონდა, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ფუნქცია მალე iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებთანაც გამოჩნდება. Reddit-ისგან განსხვავებით, მიცემული ხმების (მოწონება იქნება ეს თუ დაწუნება) საერთო რაოდენობა საჯარო არ არის და მას მხოლოდ ტვიტერი იყენებს სამომხმარებლო გამოცდილების დასახვეწად.
ექსპერიმენტში გამოიკვეთა, რომ მომხმარებლები მათთვის შეურაცხმყოფელ ან უადგილო პასუხებს იწუნებდნენ.
"ექსპერიმენტმა გამოავლინა ისიც, რომ არასასურველი შიგთავსის მოსანიშნად ყველაზე ხშირად დაწუნების ფუნქციას იყენებენ", — წერს ტვიტერი.
სავარაუდოდ, ადამიანებისთვის ეს სასაუბროს დადუმების და სპამად ან უადგილოდ მონიშვნის ალტერნატივაა — ფუნქციების, რომლებიც ამჟამად ტვიტერის მენიუს ველში იმალება.
ამ დროისათვის კომპანია ასკვნის, რომ დაწუნების შესაძლებლობა Twitter-ზე კომუნიკაციის ხარისხს აუმჯობესებს, ფუნქცია კი შესაძლოა, თანდათან საიტის მუდმივი კომპონენტი გახდეს.
მსგავსი დანამატი მომხმარებლებს ონლაინ შიგთავსზე საკუთარი აზრის გამოხატვას უმარტივებს, თუმცა, შესაძლოა, ამან პრობლემებიც წარმოშვას. თუკი ფუნქცია ტვიტერის ალგორითმის ნაწილი გახდება და მომხმარებლები კონკრეტული ჯგუფის შევიწროების მიზნით გამოიყენებენ, ეს განსხვავებული მოსაზრების დისკრიმინაციას შეუწყობს ხელს.
YouTube-ისათვის დაწუნების ღილაკი პრობლემატური აღმოჩნდა, ამიტომაც გასული წლის ნოემბრიდან ხმების ჯამური რაოდენობა საჯარო აღარაა. მართალია, ამ ფუნქციაზე ექსპერიმენტი ფეისბუქსაც ჩაუტარებია, თუმცა იგი პლატფორმაზე არასოდეს დანერგილა.
კომენტარები