Apple-მა მანქანის ლიუკის სისტემა დააპატენტა — კიდევ ერთი მინიშნება Apple Car-ზე
Apple-ისგან ხშირად ვხედავთ პატენტებს, რომლებიც თავისივე მოწყობილობებზე გამოცდილ ახალ ტექნოლოგიებს გვიჩვენებს, თუმცა სიახლე ამჯერად iPhone-ებსა თუ iPad-ებს ნამდვილად არ ეხება. ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ოფისმა (USPTO) Apple-ს ავტომანქანის ლიუკი დაუპატენტა.
დაპატენტებულ ლიუკს ცვალებადად დაბურული შუშა აქვს, ასე რომ მძღოლს ლიუკის გაუმჭვირვალობის კონტროლი შეუძლია. MotorTrend-ს თუ დავუჯერებთ, მსგავსი ტექნოლოგიების მქონე ამჟამინდელი მანქანებისაგან განსხვავებით, პატენტის ლიუკი უძრავი არ არის.
შესაძლო "Apple Car" მანქანის მძღოლები თავად გადაწყვეტენ, მზის შუქი მანქანაში მოხვდეს თუ არა, რისთვისაც ლიუკის გახსნა არ დასჭირდებათ. მისი სრულად გაღება არ იქნება საჭირო არც სუფთა ჰაერის მისაღებად.
არაერთი ჭორი დადიოდა იმის შესახებ, რომ Apple საკუთარ მანქანაზე მუშაობს, პატენტის ამბავმა კი შესაძლოა, სწორედ მათი ჭეშმარიტება დაადასტუროს.
ამჟამინდელი უწყებების მიხედვით, Apple ავტომატური მართვის სატრანსპორტო საშუალებათა სისტემის შექმნასა და დატესტვას აგრძელებს. ამასთანავე, იგი სხვა კომპანიებთან საწარმოო გეგმებსაც განიხილავს. მიუხედავად ამისა, ჭორები სიმართლეც რომ აღმოჩნდეს, შესაძლო Apple Car-ის გამოსვლამდე მაინც 3-4 წელი გვაშორებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომპანიამ ამ პროექტზე მომუშავე არაერთი ინჟინერი დაკარგა.
კომენტარები