$40-მილიარდიანი გეგმა ჩაიშალა — NVIDIA ARM-ს აღარ იყიდის
როგორც ირკვევა, NVIDIA-სა და ARM-ს შორის დაგეგმილი გარიგება ვეღარ შედგება, რადგან ევროპისა და ამერიკის მარეგულირებელმა ორგანოებმა ტრანზაქცია დაბლოკეს. საუბარია NVIDIA-ს მიერ ჩიპების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლის, ARM-ის 40 მილიარდ დოლარად შეძენაზე. ARM ბრიტანული კომპანიაა და უფრო ცხადი რომ იყოს, ნებისმიერ სმარტფონში ARM-ის მიერ წარმოებული პროცესორებია. ARM პროცესორების გამოყენებაზე გადავიდა Apple-იც.
შესაბამისად, მარეგულირებელმა ორგანოებმა ჩათვალეს, რომ NVIDIA-ს მიერ ARM-ის შეძენა ბაზარზე მონოპოლიის გაჩენის შანს წარმოშობდა და კონკურენციას გააქრობდა. ARM ამჟამად SoftBank-ის მფლობელობაშია.
NVIDIA-მ შესყიდვის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის სექტემბერში გაავრცელა. მაშინ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ ARM-ის შეძენით ისინი შექმნიდნენ მოწინავე კომპანიას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
ARM-ის არქიტექურას ვხვდებით ყველგან, მას იყენებს Apple, Qualcomm, Microsoft, Samsung, Intel, Amazon და სხვები.
NVIDIA პრობლემებს შესყიდვის დაანონსებისთანავე შეეჩეხა. მედიაში ინფორმაციის გავრცელებისთანავე, 2021 წლის იანვარში დიდმა ბრიტანეთმა პირველი გამოძიება დაიწყო, მას მალევე, ნოემბერში სხვა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გამოძიებაც მოჰყვა. ამერიკის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ აღნიშნა, რომ ეს შესყიდვა გააქრობდა კონკურენციას დატა ცენტრებისა და ავტოწარმოების ბაზარზეც კი. Bloomberg-ის თქმით, ტრანზაქციას ჩინეთიც დაბლოკავდა და მას არ გაატარებდა.
კომენტარები