სამყაროში დაახლოებით 40 000 000 000 000 000 000 შავი ხვრელია — კვლევა
მეცნიერთა ახალი გამოთვლების თანახმად, დაკვირვებად სამყაროში დაახლოებით 40 000 000 000 000 000 000, ანუ 40 კვინტილიონი (4x1019) შავი ხვრელია.
სპეციალისტთა მიერ გაჟღერებული რიცხვი იმდენად კოლოსალურია, რომ ზოგიერთ ჩვენგანს შესაძლოა, მისი წარმოდგენაც კი გაუჭირდეს. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, ეს იმას ნიშნავს, რომ კოსმოსის შემადგენელი ჩვეულებრივი (ბარიონული) მატერიის 1 პროცენტი სწორედ ამ ობიექტებშია მოქცეული.
გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებს, რა თქმა უნდა, შავი ხვრელები პირდაპირ არ დაუთვლიათ. ისინი დაეყრდნნენ ფაქტს, რომ ამ უჩვეულო კოსმოსური წარმონაქმნების უდიდესი ნაწილი მზეზე 20-ზე მეტჯერ მასიური ვარსკვლავების სიკვდილის შემდეგ ფორმირდება.
საბოლოო შედეგი მკვლევრებმა სწორედ მსგავსი მნათობების სავარაუდო რაოდენობის დადგენის, მათი და ბინარული სისტემების ევოლუციის, ასევე, გალაქტიკების მახასიათებლებისა და სივრცის ლითონური თვისებების გათვალისწინებით მიიღეს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ზემასიურ შავ ხვრელებს, რომლებიც მრავალი გალაქტიკის ცენტრში გვხვდება, ცალკე ნაშრომს მიუძღვნიან. მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი შედარებით პატარა ობიექტებისაზე 100-ჯერ ნაკლები აღმოჩნდეს.
იგივე შეიძლება ითქვას საშუალო მასის მქონეს შავ ხვრელებზე, რომლებიც უფრო იშვიათია და ცალკე შესწავლას საჭიროებს. თანაც, მათი არსებობა ჯერ დადასტურებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ ამ კოსმოსურ მონსტრებზე საუბარი ასტრონომებმა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში დაიწყეს, თუმცა პირველი აღმოჩენა 1990-იან წლებში გაკეთდა. იქიდან მოყოლებული, მათ ვიკვლევთ, რაშიც გრავიტაციული ტალღების გაზომვა გვეხმარება. ამის გარეშე უკანასკნელი გამოთვლები შეუძლებელი იქნებოდა.
კომენტარები