სუპერ-ნეპტუნის ტიპის ეგზოპლანეტის ატმოსფეროში წყლის ორთქლი აღმოაჩინეს
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასტრონომებმა სუპერ-ნეპტუნის ტიპის ეგზოპლანეტის ატმოსფეროში წყლის ორთქლი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ნაშრომი სამეცნიერო პორტალზე arXiv გამოქვეყნდა.
ეს ციური სხეული TOI-674 b გახლავთ, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 150 სინათლის წლის მანძილზე მდებარე, წითელი ჯუჯის კატეგორიაში შემავალი ვარსკვლავის გარშემო გადაადგილდება. როგორც სახელი მიგვანიშნებს, ობიექტი ნეპტუნზე მასიურია, კერძოდ, მისი მასა დედამიწისას 23.6-ჯერ აღემატება.
კოსმოსური მასშტაბებით, ამ სისტემასა და ჩვენ შორის დისტანცია არც ისე დიდია, ამიტომ აღნიშნული მნათობის დანახვა, რომელიც მზეზე ცივი და პატარაა, შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია. ეს ტელესკოპების მეშვეობით TOI-674 b-ის შესწავლასაც ამარტივებს, განსაკუთრებით ისეთი ხელსაწყოებით, რომლებიც სპექტროგრაფითაა აღჭურვილი, რადგან ის სინათლეს სპექტრებად შლის და ატმოსფეროში არსებული სხვადასხვა აირის კვალს ავლენს.
სწორედ ასე მოხდა ზემოხსენებული ეგზოპლანეტის შემთხვევაშიც. წყლის ორთქლს იქ მკვლევრებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისა და TESS-ის სახელით ცნობილი ობსერვატორიის მიერ მოპოვებული მონაცემების ანალიზის გზით მიაგნეს. ისინი იმედოვნებენ, რომ უფრო დეტალურ ინფორმაციას ჯეიმს ვების ტელესკოპის დახმარებით მივიღებთ, რომელიც ფუნქციონირებს რამდენიმე თვეში დაიწყებს.
უნდა ითქვას, რომ TOI-674 b ნეპტუნის უდაბნოდ წოდებულ რეგიონში მოძრაობს, ანუ საკუთარ ვარსკვლავთან ძალიან ახლოსაა. ეს მის მოკლე ორბიტულ პერიოდს განაპირობებს, რომელიც სულ რაღაც 2 დღეს შეადგენს.
მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ზომის ეგზოპლანეტები მნათობის ირგვლივ მოძრაობას 3 ან ნაკლებ დღეს იშვიათად ანდომებენ, ამიტომ ერთ-ერთი ასეთი ნიმუშის გამოკვლევა მათზე მეტის გაგების საშუალებას მოგცემს.
კომენტარები