CES 2022 დასრულდა და ჩვენ უამრავი საინტერესო და ახალი რამ ვიხილეთ. მათ შორის იყო რამდენიმე ისეთი გაჯეტიც, რომელიც ყურადღების ეპიცენტრში ვერ მოხვდა, თუმცა ჩვენი დაინტერესება მაინც მოახერხა. ეს გაჯეტები რამდენიმე წლის წინ ყველას ფუტურისტულად მოგვეჩვენებოდა, დღეს კი რეალობაა და მათი შეძენაც შეგვიძლია.

Samsung Freestyle

Samsung-მა CES 2022-ზე ცილინდრის ფორმის პროექტორი — Freestyle წარადგინა. 1080p გარჩვადობის მქონე პროექტორის საწყისი ფასიი $899 იქნება. როგორც სამსუნგი აღნიშნავს, მონაცემებზე მეტად მნიშვნეკლოვანი მისი კომპაქტური დიზაინი, ჩაშენებული დინამიკი და ხმის კონტროლია.

LED პროექტორის ავტოფოკუსი, ფერთა გამის ავტომატური შერჩევა და 550 ლუმენი განათება ექნება. 550 ლუმენი ბევრი ნამდვილად არ არის, თუმცა ასეთი კომპაქტური პროექტორისთვის მისაღებია. Freestyle წონაში სულ რაღაც 0.83 კილოგრამია. თუ მის მაქსიმალურ სიკაშკაშეს გავითვალისწინებთ, მის გამოსაყენებლად ბნელი ოთახი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

Freestyle სამსუნგის სისტემაზე, Tizen-ზე იმუშავებს, რაც მას სამსუნგის ეკოსისტემაში ინტეგრაციას გაუმარტივებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ პროექტორში აპლიკაციების და მათ შორის Netflix-ის არჩევის საშუალებაც გექნებათ. ამის მხარდაჭერა უმეტეს პრეოქტორებს, რომლებიც Android TV-ებთან მუშაობენ, არ აქვთ.

Asus Zenbook 17 Fold OLED UX9702

კეცვადი სმარტფონები ბაზარზე სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდნენ და ვერ ვიტყვით, რომ თავის დამკვიდრება მარტივად და უმტკივნეულოდ შეძლეს. მათ უამრავი ხარვეზი ჰქონდათ და დღემდეც აქვთ.

თუმცა, Asus-მა CES 2022-ზე, მოულოდნელად Asus Zenbook 17 Fold OLED წარადგინა. კეცვადი მოწყობილობები, რომლებიც აქამდე გვინახავს, ზომით ყოველთვის მომცროები არიან. თუმცა, Asus-მა წინ თამამი ნაბიჯი გადადგა და Asus Zenbook 17-ს ლეპტოპის ზომის, უფრო კონკრეტულად კი 17.3 ინჩიანი 2560x1920 გარჩევადობის მქონე კეცვადი OLED პანელი ერგო.

წარმოიდგინეთ, რამდენად მოსახერხებელი იქნება ასეთი მოწყობილობით სახლიდან გასვლა ან გრძელ მოგზაურობაში წასვლა. მას უსადენო მაუსი და კლავიატურაც უკავშირდება, ეს კი ლეპტოპის სრულ გამოცდილებას მოგვცემს.

Black + Decker Bev

CES გამორჩეული ღონისძიებაა და მასზე უამრავი საინტერესო და ისეთი გაჯეტის ნახვა შეიძლება, რომელზეც არასდროს გიფიქრია, რომ შეიძლება არსებობდეს. ერთ-ერთი ასეთი რამ Black + Decker Bev-ს მინი ბარია. უფრო სწორად, ეს არის დანადგარი, რომელიც თქვენთვის კოქტეილებს დაამზადებს.

დიახ, არ მოგესმათ, თუ მას სათანადო სასმელებს მიუერთებთ, კოქტეილების სხვადასხვა რეცეპტით მომზადებაზე ფიქრი თქვენ აღარ მოგიწევთ და ამას მთლიანად ერთი მოწყობილობა გაგიკეთებთ. ფაქტობრივად, სახლში გეყოლებათ ბარმენი, რომელიც ერთ ღილაკზე დაჭერით თქვენთვის საყვარელ სასმელებს შემოგთავაზებთ.

Schlage Encode Plus

CES 2022 გამორჩეული იმითაც იყო, რომ ჩვენ ჭკვიანი სახლებისთვის, ე.წ. Smart Home-ებისთვის განკუთვნილი ახალი და საინტერესო გაჯეტები ვიხილეთ. ერთ-ერთი ასეთი Schlage-ს ჭკვიანი ჩამკეტი აღმოჩნდა, რომელიც iOS 15-ზე Apple-ის Home Key-სთან ერთადაც იმუშავებს.

Schlage Encode Plus ნამდვილად ისეთივე ფუტურისტულია, როგორც ჟღერს. მას შემდეგ, რაც კარზე მოწყობილობა დამონტაჟდება, ჩვენ შევძლებთ მივაბათ ჩვენი გასაღები Apple-ის Home Key-ს.

კარის გასაღებად მხოლოდ მასთან მისვლა და Apple Watch-ის ან iPhone-ის მასთან მიტანა იქნება საჭირო. დამატებითი უსაფრთხოებისთვის შეგიძლია აირჩიოთ თითის ანაბეჭდის სენსორი ან Face ID. კარის გაღება აიფონზე მარტივი პაროლის შეყვანითაც შეგვეძლება. ასევე, ჭკვიანი საკეტი ქუჩაში არც მაშინ დაგტოვებთ თუ თქვენი ტელეფონი დაჯდება. კარის გაღება სმარტფონის გათიშვიდან 5 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. თუ სმარტფონს ან საათს, ან ორივეს დავკარგავთ, ამ შეთმხვევაში პაროლის შეყვანა Encode Plus-ზევე მოგვიწევს. ეს ყველაფერი პრაქტიკაში ძალიან მარტივია და ალბათ, მართლა ის არის, რაზეც ყველა ვფიქრობთ, როდესაც თვალწინ ჭკვიან სახლს წარმოვიდგენთ.

Samsung Odyssey Ark

Samsung-ის ახალი, 55-ინჩიანი Odyssey Ark უბრალოდ გეიმინგ მონიტორის ცნებას სცდება, თუმცა სწორედ ეს ხდის მას განსაკუთრებულს. CES 2022-ზე უამრავი ახალი ტელევიზორი და ეკრანის დამზადების ტექნოლოგია ვიხილეთ. სამსუნგი ტრენდებს არასდროს ჩამორჩება და მან თავი სწორედ ამ გასაოცარი დიზაინისა და ფორმის მქონე მონიტორით მოგვაწონა.

მონიტორის რკალისებრი დიზაინი და Samsung-ის მიერ შემუშავებული მექანიზმი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. Odyssey Ark-ის დაყენება ვერტიკალურადაც შეიძლება და ის ამ რეჟიმში განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება. როგორც უკვე ვთქვით, მონიტორი 55 ინჩიანია, ეს კი საშუალებას იძლევა, მასზე ერთდროულად რამდენიმე საქმე ვაკეთოთ.

Ark ნამდვილად იდეალური იქნება, როგორც გეიმინგისთვის, ასევე სამუშაოდ ან უბრალოდ ფილმებისა თუ სხვა კონტენტის საყურებლად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის იაფი ნამდვილად არ ეღირება.