დონალდ ტრამპის სოციალური ქსელი Truth Social თებერვალში გაეშვება
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სოციალური ქსელი — Truth Social-ს სამყაროს 21 თებერვალს მოევლინება. აპლიკაცია თავდაპირველად iOS-ზე გამოვა და მისი გაშვების თარიღიც სწორედ App Store-დან გახდა ცნობილი. 21 თებერვალს ამერიკაში "პრეზიდენტების დღეს" აღნიშნავენ. აპლიკაციაზე Trump Media and Techonology Group მუშაობდა. ეს ტრამპის ახალი მედია კომპანიაა, რომელსაც სათავეში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი, დევიდ ნუნესი უდგას.
თუ App Store-ში განთავსებულ ფოტოებს დავაკვირდებით, Truth Social ერთი შეხედვით Twitter-ის კლონს ჰგავს.
როგორც ფოტოებზე ჩანს, სოციალურ ქსელში პოსტებს ექნება ხატულები, რომლებიც კომენტარზე პასუხის, პოსტის სხვა პლატფორმაზე გაზიარების ან უბრალოდ Truth-შივე გადაპოსტვის საშუალებას მოგვცემს.
აპლიკაციის აღწერაში წერია, რომ თითოეულ პოსტს "truth" (სიმართლე) ერქმევა, ხოლო ზმნად, დატვიტვის ან გადატვიტვის (re-tweet) მაგივრად "re-truth" გამოვიყენებთ.
გასაკვირი არ არის, რომ ტრამპმა ტვიტერის მსგავსი სოციალური მედიის შექმნა დაისახა მიზნად. წლების განმავლობაში ტვიტერი მის საყვარელ სოციალურ ქსელად ითვლებოდა და მას თავისი იდეებისა თუ აზრების გასაჟღერებლად აქტიურად იყენებდა. თუმცა, მას შემდეგ რაც ტრამპის მხარდამჭერები 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, ტვიტერმა და სხვა სოციალურმა გიგანტებმა პრეზიდენტს ყველანა ანგარიში დაუბლოკეს.
ჯერ უცნობია თუ როდის გახდება Truth Social ყველა პლატფორმაზე ხელმისაწვდომი. ასევე უცნობია თუ რა პრინციპით მოხდება სოციალურ ქსელში რეგისტრაცია. ის შესაძლოა თავიდან მხოლოდ მოსაწვევების სისტემაზე მუშაობდეს ან თავიდანვე ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა ამას დრო გვიჩვენებს.
თუ Truth Social-ზე შესვლას ბრაუზერიდან გადაწყვეტთ, საიტზე მხოლოდ რეგისტრაციის ფორმა და App Store-ზე გადასასვლელი ლინკი დაგხვდებათ. რამდენად მოიპოვებს დონალდ ტრამპის სოციალური ქსელი პოპულარობას უცნობია, თუმცა რამდენიმე პრობლემაში გახვევა მათ უკვე მოასწრეს.
Truth Social თავისი პლატფორმისთვის Mastodon-ის ღია კოდს იყენებს. თუმცა, ოქტომბერში Mastodon-მა გამოქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ Truth არღვევდა მათი კოდის გამოყენების წესებს, რადგან კომპანია თავის კოდს უკან აღარ გვიზიარებდა. აღსანიშნია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, Truth Social-ის საიტზე "Open Source" განყოფილებაც გაჩნდა.
კომენტარები